თენგიზ გუნავა სასამართლო დარბაზში დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს

თენგიზ გუნავა სასამართლო დარბაზში დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა სასამართლო დარბაზში დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს.

როგორც "პირWელს" გუნავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, გუნავას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავას მიმართ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ეპიზოდზე იყო აღძრული.

პირველი ეპიზოდი ეხებოდა თენგიზ გუნავას შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად მუშაობის პერიოდს. პროკურატურის ცნობით, გუნავამ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. კერძოდ, 2012 წლის 31 მარტს ზუგდიდში, რკინიგზის სადგურზე საკუთარ მძღოლს შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ამოიღო, სიტუაციის დაძაბვის გამო მასთან მყოფი სვანეთის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ბაკურ გულუა შეეცადა, გუნავასთვის წაერთმია იარაღი და თან კ. იზორიას დაუძახა, ადგილი დაეტოვებინა. ამ დროს თ. გუნავამ გაისროლა და ბაკურ გულუა დაიჭრა მარცხენა ფეხის არეში, ხოლო შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ დაშორებულ კახაბერ იზორიას დამიზნებითი ესროლა და მას მარჯვენა ფეხის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანება. კ. იზორიამ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული ქმედებით თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 120-ე მუხლით.

პროკურატურისვე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით თ. გუნავამ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო ავტომობილის საწვავის ტალონები და აღნიშნული გზით დიდი ოდენობით საწვავი მიეთვისებინა. მან 2012 წლის 11 აგვისტოს მის დაქვემდებარებაში მყოფ, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ზაზა ჩოხელს დაავალა, საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიეღო 3000 ლიტრი ბენზინი "პრემიუმის" საწვავის ტალონები და გადაეცა მისთვის. ზ.ჩოხელმა იმავე დღესვე გასავლის ზედდებულით მიიღო 3000 ლიტრი ბენზინი "პრემიუმის" საწვავის ტალონები, საერთო ღირებულებით 6750 ლარი და გადასცა თ.გუნავას. გუნავამ მიიღო რა მითითებული 6750 ლარად ღირებული ბენზინის ტალონები, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ გამოიყენა სამსახურეობრივი დანიშულებისამებრ, არ გასცა დადგენილი წესით, ჩამოწერა და დიდი ოდენობის საწვავი მიითვისა, რითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული ქმედებით თენგიზ გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით.

ასევე გუნავამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში კვლავ გადაწყვიტა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიეღო დიდი ოდენობით ფულადი თანხა და მიეთვისებია. 2012 წლის აგვისტოში მან საქართველოს შს მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილს მოსთხოვა მასზე გაეცათ დიდი ოდენობით - 49 500 ლარი. ხსენებული ოდენობის თანხის თ. გუნავაზე გაცემა ნ. ძიმცეიშვილმა დაავალა საქართველოს შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს მიხეილ ამირანაშვილს. თ. გუნავამ აგვისტოს შუა რიცხვებში ფულის აღება და მისთვის გადაცემა დაავალა ხელქვეითს, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს ზაზა ჩოხელს. ამ უკანასკნელმა შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან, მიიღო რა 49 500 ლარი, მაშინვე სრულად გადასცა თ. გუნავას. აღნიშნული თანხის მოთხოვნა თ. გუნავამ ოფიციალურად გააფორმა მოგვიანებით, რისთვისაც 2012 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს შს მინისტრის მოადგილის, ნ. ძიმცეიშვილის სახელზე შეადგინა პატაკი ფარული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებიდან 49 500 ლარის გამოყოფაზე. აღნიშნული თანხის მიღება თ.გუნავას მიერ დადასტურებული იქნა 2012 წლის 01 სექტემბრის სალაროს გასავლის ორდერით. მითითებული თანხა თ.გუნავას მიერ გამოყენებული არ ყოფილა სამსახურეობრივი საჭიროებისათვის, მან გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული ზემოთ აღნიშნული დიდი ოდენობის თანხა - 49 500 ლარი მიითვისა, რითაც სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი მითითებული 49 500 ლარის თანხის სახით. აღნიშნული ქმედებით თ. გუნავამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" პუნქტებით და მე-3 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით".

გუნავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.