საქალაქო სასამართლო სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დირექტორისთვის გირაოს შეფარდების მიზეზებს განმარტავს

საქალაქო სასამართლო სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დირექტორისთვის გირაოს შეფარდების მიზეზებს განმარტავს

თბილისის საქალაქო სასამართლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, კონსტანტინე ხუცაიძისთვის გირაოს შეფარდების მიზეზებს განმარტავს.

ამასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

"2013 წლის 11 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შაუმდგომლობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის კონსტანტინე ხუცაიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 20 000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდისთანავე ბრალდებული გათავისუფლდება პატიმრობიდან.

კონსტანტინე ხუცაიძეს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (მუხლი 332 ნაწილი 1) და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფება გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ( მუხლი 182 ნაწილი 2 ,,დ" ქ/პ, ნაწილი 3 ,,ა" ,,ბ" ქ/პ).

წარდგენილი ბრალდების თანახმად, კონსტანტინე ხუცაიძემ, რომელიც დანიშნული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნომენკლატურის სპეციფიკაციის ჯგუფის თავმჯდომარედ, ბოროტად გამოიყენა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, დანაშაულებრივად დაუკავშირდა სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლებთანაც აკავშირებდა ახლო-მეგობრული და ხანგრძლივი სამსახურებრივი ურთიერთობები, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ პირადი მოტივით, გივი ქაიხოსროშვილისათვის უპირატესობის მისანიჭებლად, მისი ბიზნესინტერესების განსახორციელებლად შეუთანხმდა, რომ ტექნიკური სპეციფიკაციები წარედგინათ იმდაგვარად, რომ შესყიდვის პროცესში გაემარჯვა ერთ-ერთ კომპანიას. ტენდერში ზემოაღნიშნული კომპანიის გამარჯვებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვისას ფასთაშორის სხვაობით გაფლანგულ იქნა 1055450 ევროს ექვივალენტი თანხა ლარებში, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა სათანადოდ დასაბუთებული ბრალდებულის შესაძლო მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის შესაძლო საფრთხე. სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ კონსტანტინე ხუცაიძე დაკითხვაზე დაბარებისთანავე რამდენჯერმე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, ისევე როგორც მისი დაკავების დღეს, როდესაც უკვე გაცემული იყო სასამართლოს ნებართვა მის დაკავებაზე. გამოძიების წარმოების მანძილზე ბრალდებული იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მიუხედევად იმისა, რომ იგი ამ დროისათვის იყო დაკითხული და იცოდა მოცემულ საქმეზე რამოდენიმე პირის დაკავების შესახებ, უკან დაბრუნდა საქართველოში. ამასთან, სასამართლომ ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსულის და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით (ბრალდებულს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი) მიიღო გადაწყვეტილება მის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 2013 წლის 05 აგვისტოს 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.