პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილისა და ირაკლი ჩიქოვანის იმპიჩმენტის საკითხი დადგება

პარლამენტში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილისა და ირაკლი ჩიქოვანის იმპიჩმენტის საკითხი დადგება

პარლამენტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კარლო კვიტაიშვილისა და ამავე კომისიის წევრის , ირაკლი ჩიქოვანის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი მათი იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მომავალ სესიაზე გეგმავს.

დეპუტატის თქმით, კომისია იმ წევრების იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას აპირებს, რომლებიც უკვე ცალსახაა და გამოკვეთილია, რომ "მაუწყებლის შესახებ" კანონს არღვევენ.

ხიდაშელის ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანის შემთხვევაში ადგილი აქვს ბიზნესინტერესის გამო ინტერესთა შეუთავსებლობას. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩიქოვანი კომისიის სხდომებს არ ესწრება თითქმის ერთი წელია, რაც კანონის პირდაპირი დარღვევაა.

რაც შეეხება ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს კარლო კვიტაიშვილს, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას პარტიული პრობლემა აქვს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი იყო მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც კომისიის წევრი იყო, რაც პირდაპირ აკრძალულია.

ამასთან, კომისია სწავლობს მარეგულირებელი კომისიის მესამე წევრის სოფიო ბრიტანჩუკის ინტერესთა კონფლიქტის საკითხს. ხიდაშელის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისია დამატებით ინფორმაციებს ელოდება და ამის შემდეგ იქნება მსჯელობა რამდენად იქნება მისი საკითხი იმპიჩმენტზე გატანილი.

კარლო კვიტაიშვილისა და ირაკლი ჩიქოვანის იმპიჩმენტის საკითხს კი კომისია მომავალ სესიაზე დააყენებს, სადაც ასევე კომისიის შუალედური დასკვნა იქნება წარდგენილი.