თსუ-ს რექტორობის მსურველთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

თსუ-ს რექტორობის მსურველთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

თსუ-ში რექტორობის კანდიდატთა საბუთების მიღების ვადა დღეს, 18.00 სათზე ამოიწურება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს , თსუ რექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი ამ დროისთვის 15-მა პირმა გამოთქვა.

"ამ დროისთვის 15-მა პირმა შემოიტანა განცხადება: ვლადიმერ პაპავამ, ნონა წოწერიამ, გიორგი ქავთარაძემ, გიორგი ბარამიძემ, ილია თავხელიძემ, ცირა ბარამიძემ, მერაბ ცაგარელმა, მედეა ჩუხუამ, დავით არევაძემ, ირმა რატიანმა, მარინა მუსხელიშვილმა, თამაზ ვაშაყმაძემ, მანანა ხაჩიძემ, მარინე ჩიტაშვილმა და ინესა მერაბიშვილმა", - აცხადებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თსუ-ის პროფესორი დავით ბოსტოღანაშვილი.

მისი თქმით, კომისია განიხილავს შემოსული კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.

ამასთან, განაცხადების მიღება დღეს 18.00 საათამდე გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც რეგისტრირებულ კანდიდატთა სია ცნობილი გახდება, საბუთები განსახილველად აკადემიურ საბჭოს გადაეცემა. თსუ-ის რექტორის არჩევნები 16 აგვისტოს, 14.00 საათზე, გაიმართება.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩევა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას მიიღებს. რექტორის არჩევნებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 2013 წლის 12 ივნისს გამოცხადდა. კანდიდატთა რეგისტრაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 28 ივნისს 10:00 საათიდან დაიწყო. კანდიდატებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ: უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია და სხვა დოკუმენტაცია.