მიხეილ სააკაშვილი:  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დღის წესრიგიდან მოხსნილია

მიხეილ სააკაშვილი: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დღის წესრიგიდან მოხსნილია

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დღის წესრიგიდან მოხსნილია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიშინიოვში , მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

პრეზიდენტის ინფორმაციით, ერთადერთი, რისთვისაც ახლა საქართველო იბრძვის, ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება.

"ორი წლის წინ ყველა თვლიდა, რომ მოლდოვასთან ერთად არა თუ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერდით ხელს, არამედ მივიღებდით დეკლარაციას ორი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე - რომ მომავალში შეიძლებოდა, პოტენციურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გავმხდარიყავით. საუბედუროდ, ჩვენი შიდა ფაქტორების გამო, არა მხოლოდ ამ მეორე პერსპექტივის მიღების საკითხი, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც კი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ერთადერთი, რაზეც ვიბრძვით ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება – ანუ, ის ძალაში არ შევა, მაგრამ ხელს მოვაწერთ, რომ ეს არის საბოლოოდ შეთანხმებული პროექტი. მოლდოვას შემთხვევაში ეს გადაწყვეტილია. საქართველოს, სამწუხაროდ, აქაც უკვე კითხვის ნიშნები გაუჩნდა. ჩვენ მოლდოვასთან ერთად ამ კლასში ხუთოსნები ვიყავით და ნამდვილად არ გვინდა, ოროსნებად ვიქცეთ და კლასში ჩაგვტოვონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი კიშინიოვში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა მოლდოველ კოლეგას, ასევე მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად შედიან უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, დეპუტატები – გიორგი ბარამიძე და გიორგი კანდელაკი, ასევე თბილისის მერი გიგი უგულავა.