ბიძინა ივანიშვილი:  სააკაშვილმა ვერ გაიგო, რომ ისე არ იმართება ქვეყანა, როგორც თავად მართავდა

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილმა ვერ გაიგო, რომ ისე არ იმართება ქვეყანა, როგორც თავად მართავდა

პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა ვერ გაიგო, რომ ისე არ იმართება ქვეყანა, როგორც თავად მართვდა. ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კატეგორიულ მოითხოვნას, რომ მთავრობამ არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გადაყენების დოკუმენტი წარუდგინოს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს ბათუმში განუცხადა, გულწრფელად, ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე შეუძლია დაიფიცოს, რომ მედიისგან გაიგო ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება.

"მე ეს გამოვიტანე გარეთ, გამოვიკვლიე. შევხვდი მთავარ პროკურორს, გამოვთქვი ჩემი სინანული და საყვედური, მაგრამ არაფერი მეტი. მე ჩემს უფლებებს ვახორციელებ და არა მეტს. ასეც უნდა იყოს. ჩემი საქმეები მყოფნის, სხვათა შორის ძალიან ბევრი საქმე მაქვს, რომ თვალ-ყური არ მივადევნო პროკურატურის ყველა საქმიანობას და მის ნაცვლად არ მივიღო გადაწყვეტილებები. სამწუხაროა, რომ ეს კაცი ასეთ განცხადებებს აკეთებს და ვერ გაიგო, რომ ისე არ იმართება, როგორც თავად მართვდა. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი სახელმწიფო მხოლოდ დემოკრატიული გზით უნდა განვითარდეს. ყველა სტუქტურას აქვს თავისი უფლებები, ყველამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს და მე პირველ რიგში ჩემგან მოვითხოვ ამას. ეს განცხადებები კი მხოლოდ მას აზიანებს და ამას ვერ ხვდება ეს კაცი", -განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, არჩილ კბილაშვილს კანონი არ დაურღვევია. "მე არ მომეწონა მორალურად როგორც გადაწყვიტა და გამოვთვქი ჩემი პოზიცია შიგნითაც და გარეთაც. მაგრამ, როგორ განცხადებებსაც აკეთებს დღეს პრეზიდენტი, ეს არის იმის მტკიცებულება, როგორ მართავდა. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ სტილს, ეს არ არის დემოკრატიული სტილი მმართველობის",-აღნიშნა ივანიშვილმა.