რუსუდან კერვალიშვილი თანახმაა, მხოლოდ მისი პასუხისგების საკითხი დადგეს

რუსუდან კერვალიშვილი თანახმაა, მხოლოდ მისი პასუხისგების საკითხი დადგეს

კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი თანახმაა, მხოლოდ მისი პასუხისგების საკითხი დადგეს. ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

კერვალიშვილმა, პრესკონფერენციაზე იმ მიზეზებზე და ვითარებებზე ისაუბრა, რამაც კომპანიას განვითარებისთვის პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, მან დაასახელა 2008 წლის ომი და საქართველოში არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლის თქმით, იგი წაყენებულ ბრალდებებს სრულად არ გაცნობია, თუმცა სრულად იზიარებს მათ და მისი, როგორც კომპანიის დამფუძნებლის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მან ამისთვის ერთგვარი პირობაც წამოაყენა, სანაცვლოდ კერვალიშვილი ხელისუფლებისგან კომპანიისთვის ხელშეწყობას ითხოვს, რათა მენაშენეების მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდეს.

"ექვსმა მენაშენემ თავი მოიკლა. მე ეს ვერ შევძელი", - განაცხადა კერვალიშვილმა.

იგი ეთანხმება ბრალდებას, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ მენაშენეთა მიერ კომპანიაში შეტანილი თანხები არამიზნობრივად გამოიყენა. ამ ფაქტს იგი იმით ხსნის, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ამ თანხებით მიწებს ყიდულობდა. 2008 წლის ომის შემდეგ კი, მიწამ ის ღირებულება დაკარგა, მოსახლეობა კი ნაკლებ მსყიდველუნარიანი გახდა.

კერვალიშვილის განმარტებით, 2010 წლის ივნისში "ცენტრ-პოინტში" არსებული რთული ვითარების შესახებ მან იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უამბო და კომპანიის მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმაც გააცნო. შემდეგ "ცენტრ-პოინტის" მართვაში "დექსუსი" შევიდა.

კერვალიშვილის თქმით, "დექსუსის" ხელმძღვანელობა ცდილობდა, პროცესებიდან მაია და ვახტანგ რჩეულიშვილები გამოთიშულიყვნენ, რის შემდეგაც, კომპანიის გადაწყობას შეძლებდნენ.

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში იგი საპარლამენტო საქმიანობით იყო დაკავებული და კომპანიას არ მართავდა.

კერვალიშვილის განმარტებით, 2003 წლამდე კომპანიაში 11 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული და 18 კორპუსი ააშენა.