მიხეილ სააკაშვილი:  საქართველოს რეპუტაციას გაფრთხილება უნდა და არა – გალანძღვა და მიწასთან გასწორება

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს რეპუტაციას გაფრთხილება უნდა და არა – გალანძღვა და მიწასთან გასწორება

საქართველოს რეპუტაციას გაფრთხილება უნდა და არა – გალანძღვა და მიწასთან გასწორება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, კიშინიოვში, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მოსახლეობის დონეზეც, ძალიან პოზიტიური დახვედრა დაინახა.

"სხვადასხვა აუდიტორიებთან, ახალგაზრდობაში, საქართველოს აქვს ძალიან მყარი და დადებითი რეპუტაცია. ჩვენ ამას არ უნდა ვებრძოლოთ. ხუმრობით რომ ვთქვა, საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გამოგზავნოს აქ დელეგაცია, იმიტომ, რომ მოლდოვას მთავრობა, ისევე, როგორც უკრაინის მთავრობა და ხალხი და ირგვლივ სხვა ქვეყნები, ისევ სიცრუეში აგრძელებენ ცხოვრებას. ამ ქვეყნებში ისევ ჰგონიათ, რომ საქართველო სააკაშვილის მთავრობის დროს იყო ძალიან წარმატებული, ძალიან პოზიტიური ქვეყანა და მათთვის მისაბაძი მაგალითი. სასწრაფოდ გამოსაგზავნია დელეგაცია ამ სიცრუის აღმოსაფხვრელად – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მაგრამ თუ სიმართლეს ვილაპარაკებთ, საქართველოს რეპუტაციას გაფრთხილება უნდა და არა – გალანძღვა, მიწასთან გასწორება. პირიქით, რეპუტაცია კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, გაუმჯობესდეს და საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს, მინიმუმ პოსტსაბჭოთა სივრცეში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი კიშინიოვში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა მოლდოველ კოლეგას, ასევე მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად შედიან უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, დეპუტატები – გიორგი ბარამიძე და გიორგი კანდელაკი, ასევე თბილისის მერი გიგი უგულავა.