გუბაზ სანიკიძე:

გუბაზ სანიკიძე: "ეროვნული ფორუმი", ხშირ შემთხვევაში ალბათ შეტევაზეც გადავა

დღეიდან "ეროვნული ფორუმი" თავდაცვით რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მის მიმართ არსებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, "ეროვნული ფორუმის" დისკრედიტაციის მცდელობა ხდება. 

ბრიფინგზე, გუბაზ სანიკიძემ საკუთარი ე.წ. სიზარმაცის "დამადასტურებელი" ციფრები დაასახელა. მისი ინფორმაციით, 28 მიღება ჩატარდა როგორც ბიუროში, ისე პარლამენტში, პირადად შეხვდა 3 153 მოქალაქეს, აქედან 283 მოქალაქის თხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ 311 მოქალაქის, 200-ზე მეტ პირს იურიდიული და ეკონომიკური კონსულტაცია გაეწია.

"მე ვამაყობ ჩემი ბიუროს მუშაობით და მე არც თუ ისე ცუდი მაჟორიტარი ვარ, რადგან ძალიან ცოტა დეპუტატი მეგულება როგორც უმრავლესობაში, ისე უმცირესობაში, ვინც 3 153 მოქალაქეს შეხვედრია. ჭორს, რომ გუბაზ სანიკიძე არ მუშაობს, ეს ციფრები აქარწყლებს", - აღნიშნა სანიკიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე სტატია დაიბეჭდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქუთაისის მაჟორიტარი არ მუშაობს, მოსახლეობას არ ხვდება და "ნაციონალებთან" კორუფციულ გარიგებაშია შესული.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც ავტორი ქუთაისელებზე დაყრდნობით მის მიერ ბიზნესწილების გადაფორმებაზე საუბრობს. სანიკიძე აპირებს, რომ მომავალ კვირას, სტატიის ავტორს სასამართლოში უჩივლოს და ბოდიშის მოხდა მოითხოვოს.

"დღეიდან "ეროვნული ფორუმი" აღარ აპირებს მსგავსი ცილისწამებები რეაგირების გარეშე დატოვოს. დღეიდან "ეროვნული ფორუმი" აპირებს აქტიურად გადავიდეს თავდაცვით რეჟიმზე და ხშირ შემთხვევაში, ალბათ, შეტევაზეც გადავალთ, რადგან ეს ცილისწამება როგორმე უნდა შევაჩეროთ", - აღნიშნა სანიკიძემ.