მიხეილ სააკაშვილი მთავრობას თანამშრომლობას სთავაზობს

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას თანამშრომლობას სთავაზობს

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის ხელახლა მინიჭების პროცედურის გამარტივების მიზნით თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა კიშინიოვში, მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ ძალიან აქტიურად დაიწყო მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი იმ ხალხის მიმართ, ვინც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.

"კანონით ეს ადრეც ასე იყო, მაგრამ ვიდრე ადამიანი თვითონ არ გამოაცხადებდა საჯაროდ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, ჩვენ მაინცდამაინც არ დავდევდით. სხვათა შორის, ეს შეეხებოდა საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ვიდრე მან არ გამოაცხადა, რომ საფრანგეთის მოქალაქეა, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა არ მომხდარა. მე ვიცი, რომ ამ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას სთავაზობენ, მაგრამ მინდა, პროცესი დავაჩქაროთ და ამ ხალხს პრობლემები არ შეექმნას. ამიტომ, მე ვთავაზობ მთავრობას, სერიოზულად ვითანამშრომლოთ ამ პროცესში და მზად ვარ, გამარტივებული პროცედურით მივცეთ აღნიშნულ პირებს საქართველოს მოქალაქეობა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი კიშინიოვში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა მოლდოველ კოლეგას, ასევე მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს.

ცოტა ხანში გაიხსნება კონფერენცია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად შედიან უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, დეპუტატები – გიორგი ბარამიძე და გიორგი კანდელაკი, ასევე თბილისის მერი გიგი უგულავა.

მასალა პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ტელეკომპანია ”იმედმა” გაავრცელა.