დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით სტუდენტების დიპლომები ყალბდებოდა

დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით სტუდენტების დიპლომები ყალბდებოდა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივის, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დავა, თავისი შინაარსით, ცდება სამართლებრივ მსჯელობას და საზოგადოებისთვის ცნობილს ხდის განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის პერიოდში სტუდენტებისთვის ყალბი დიპლომების გაცემის ფაქტს. საქმე ეხება დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს, შაშკინის ხელმოწერით, სამედიცინო კოლეჯი სტუდენტებისთვის გაცემულ სწავლის დასრულების დამამტკიცებელ დიპლომებს. თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებელი 2008–2009 წლებში, კურსდამთავრებულებისთვის ყალბ დიპლომებს, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გასცემდა, მაშინ, როდესაც აღნიშნულ პერიოდში, სასწავლებელს არც სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია გააჩნდა და არც უფლებამოსილება – დიპლომები გაეცა. ამ მიმართულებით, სასწავლებლის საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კონტროლის ვალდებულება, უშუალოდ მინისტრ დიმიტრი შაშკინს უნდა მოეხდინა, თუმცა დიპლომები იბეჭდებოდა სწორედ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით და სამინისტროს კანონდარღვევის ფაქტზე რეაგირება, ნებსით თუ უნებლიეთ, არ მოუხდენია. 

ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როდესაც სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, ნინო ქუმსიაშვილს დამსაქმებელთან დიპლომის ნამდვილობის საკითხის გარკვევის დროს, პრობლემები შეექმნა. ნინო ქუმსიაშვილმა თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებელი 2010 წელს დაამთავრა და სწავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი განათლების მაშინდელი მისნიტრის, დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით მიიღო. მას შემდეგ, რაც დამსაქმებელთან გაურკვევლობა წარმოიშვა, მოსარჩელემ 2013 წლის აპრილში მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და მოითხოვა სერთიფიკატის ნამდვილობის დადასტურება. მოსარჩელეს ნამდვილობის დადასტურებაზე უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ 2008-2009 წლებში, სასწავლებელს არ გააჩნდა სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია. სამინისტრო არაოფიციალურად აღიარებს დაშვებულ შეცდომას, თუმცა დღემდე ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა, რამდენად კანონიერი გახლდათ მინისტრ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გაცემული დიპლომები იმ სასწავლებლის კურსდამთავრებულებისთვის, რომელსაც, საქმიანობის ლიცენზია თავად სამინისტროს მხრიდან ჰქონდა შეჩერებული. ამასთან, სამინისტრომ მოსარჩელესთან კომუნიკაციის დროს, არ გაითვალისწინა ნინო ქუმსიაშვილის კანონიერი უფლებები და ინტერესები, კეთილსინდისიერება სასწავლებელთან ურთიერთობის დროს და დიპლომის აღიარებაზე უარი განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ სასამართლო წესით, ორი მოითხოვნა გააჩნიათ: გაუქმდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ 2013 წლის 17 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება დიპლომის აღიარების შესახებ და ცენტრს დაეკისროს ახალი ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტის გამოცემა ნინო ქუმსიაშვილის სახელზე გაცემული სახელობო განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატის დუბლიკატის ნამდვილობის დადასტურების შესახებ. ორგანიზაცია, ასევე, ცალკე შეტყობინებით მიმართავს სამინისტროს შიდა კონტროლის სამსახურებს, რათა დაიწყოს საქმეზე ეფექტური მოკვლევა და გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ პრობლემის თავიდან არიდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეს მოსამართლე ნინო ონიანი განიხილავს, ხოლო მოსარჩელის მხარის ინტერესებს, ორგანიზაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ადვოკატი მარიკა არევაძე წარმოადგენს. სასამართლო სხდომის ჩანიშვნისთვის ყველა პროცესუალური ეტაპი უკვე ამოწურულია.