ხაშურში ,,ქართული ოცნების” წევრები ,,სულიერ ლიდერს” ეძებენ

ხაშურში ,,ქართული ოცნების” წევრები ,,სულიერ ლიდერს” ეძებენ

11 ივლისს, პარტია “ქართული ოცნების” ხაშურის რაიონული ორგანიზაციის ოფისში ხმაური იყო. იქ მისული ადამიანები, რომელთა შორის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მამუკა წიქარიშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები იყვნენ, რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის მალხაზ ლომსაძის გადადგომას ითხოვდნენ. ლომსაძის გადადგომა ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის” ხელმძღვანელი ია ქურდაძემაც მოითხოვა.

“ლომსაძე მოვალეობას ვერ ასრულებს ამიტომ ჩვენ მის გადადგომას ვითხოვთ” – განაცხადა ქურაძემ. ხაშურის გამგებლის მოადგილემ მამუკა წიქარიშვილმა ჩვენთან ინტერვიუზე უარი განაცხადა. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის სოსო ხითარიშვილის თქმით, პარტია უცხო ხალხითაა დაკომპლექტებული:

“ამ ხალხის კისერზე გადაიარა არჩევნებმა. დღესდღეობით ეს ხალხი ოფისში არ არის. სულ უცხო ხალხით არის დაკომპლექტებული პარტია, ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას მალხაზ ლომსაძე და უნდა გადადგეს, თავმჯდომარე ხალხის სულიერი ლიდერი უნდა იყოს” – განაცხადა ხითარიშვილმა.

მალხაზ ლომსაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. “მე რა ვალდებულებაც მაკისრია, პირნათლად ვასრულებ. ესენი მოითხოვენ საჯარო სამსახურში დასაქმებას, ამის უფლება მე არ მაქვ. ,მე არ გადავდგები ჩემი ბედი უნდა გადაწყვიტოს დამფუძნებელმა კრებამ. ესენი არიან მართულები, პროვოცირებულნი რომელიღაცა ძალის მიერ, რომელსაც ჯერჯერობით მე არ დავასახელებ. აქ იყვნენ რესპუბლიკური პარტიის წევრები, რომელთაც აღნიშნული მოთხოვნის უფლება არ აქვთ” – განაცხადა ლომსაძემ. ლომსაძის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების მოთხოვნა დაიწყო.