არასამთავრობოები ირაკლი ღარიბაშვილს მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ აფრთხილებენ

არასამთავრობოები ირაკლი ღარიბაშვილს მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ აფრთხილებენ

არასამთავრობო სექტორი შს მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს მის წინააღმდეგ მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ აფრთხილებს. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის განცხადებაშია ნათქვამი, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე მომუშავე წინა ხელისუფლებისდროინდელი ზოგიერთი კადრი წინასაარჩევნო პერიოდში ღარიბაშვილის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობას გეგმავს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შსს-ში არის დარჩენილი სააკაშვილისა და მერაბიშვილის ერთგული კადრები, რომლებიც აპირებენ საპრეზიდენტო არჩევნების წინ პროვოკაციების მოწყობას მინისტრ ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" დიდი გულმოდგინებით ელის, რათა შეასუსტონ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რგოლი - შსს მინისტრი და ამით პრობლემები შეუქმნას საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილის ხელისუფლებას," - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ამასთან, განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში "ერთ-ერთი ნათელი წერტილია", რის გამოც მის წინააღმდეგ რაიმე სახის პროვოკაციას კატეგორიულად გმობენ და შს მინისტრს წინდახედულობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

"მიუხედავად იმ ნაკლოვანებებისა და პრობლემებისა, რაც დღეს შეინიშნება შსს სამინისტროში, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი ნათელი წერტილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ შსს მინისტრს და მოვუწოდებთ მას გამოიჩინოს წინდახედულობა მომავალ პროვაკაციებთან მიმართებაში და ბოლომდე მიიყვანოს სამინისტროში დაწყებული რეფორმირების პროცესი", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები ,,უფლებადამცველთა გაერთიანება", ,,ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის", ,,საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა", ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია" , ,,ადვოკატთა კავშირი დემოკრატიისა და სამართლიანობისათვის", ,,უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია", ,,ადამიანის უფლებებისა და საყოველთაო დეკლარაციისათვის", ,,საქართველოს დონორთა ორგანიზაცია ზეკარი"", "ეკოტექი", ,,სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი" და ,,საერთაშორისო იდეოლოგიური ფორუმი".