იმისათვის, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილმა ამომრჩევლებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა განუცხადა.
"ერთადერთი საშუალება, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები მოხვდნენ საარჩევნო სიებში და ხმის უფლება ჰქონდეთ არის ის, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება და საკანონმდებლო კუთხით დაარეგულიროს ეს საკითხი. სამწუხაროა, რომ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. ძალიან ლოგიკური საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ უბნებზე არჩევნების დღეს, როდესაც ის ამომრჩევლები, რომლებიც წინა არჩევნებზეც იღებდნენ მონაწილეობას და ახლა ისევ გამოცხადდებიან გარკვეული გაურკვევლობა და აჟიოტაჟი შეიძლება მოჰყვეს, რომ ვერ მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა აზარაშვილმა.
რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე 10 ივლისს განიხილა. ცესკო-ს ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას ცენტრალური საარჩევნო კომისიის შვიდმა წევრმა დაუჭირა, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ხმათა 2/3, ანუ 9 ხმა, რაც ნიშნავს, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. კომისიის მონაცემებით ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 97 000-ს აღემატება, მათ შორის 70 000-ზე მეტი თბილისშია. ამ ამომრჩევლებს 2012 წლის პირველი ოქტომბრის პარლამენტის და 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე საშუალება ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობა მათი ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიეღოთ.