ეკა ბესელია:

ეკა ბესელია: "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციით არის დაკავებული

"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციით არის დაკავებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებში ერთიანი ხელწერა იკვეთება, რომელიც ძალიან ჰგავს საბოტაჟს და თითქოს ერთი სცენარით იმართება პროცესები.

"მე პირდაპირ ვიტყოდი, რომ ჩვენი ოპონენტები, "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში ვითარების არევით, დესტაბილიზაციით არის დაკავებული. მე ვფიქრობ, საყურადღებოა, რომ ყველა ასეთი ფაქტი ყურადღებით იქნას შესწავლილი", - აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, მასაც აქვს ინფორმაცია, რაც დღეს ბიუროს სხდომაზე გიგა ბუკიამ გაახმაურა. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ ფაქტით, რომლის შესახებაც გიგა ბუკიამ განცხადება გააკეთა.

გიგა ბუკიას წყაროს ინფორმაციით, შოთა მალაშხია სამეგრელოში მობილიზაციას ახდენს და რეგიონში იარაღის სამალავების სიმრავლეზე საუბრობს.