დედაქალაქის საკრებულოში ახალი ფრაქცია "დედაქალაქი" შეიქმნა. ფრაქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს. ფრაქცია ამ ეტაპზე სამი წევრისგან შედგება და მისი წევრები არიან კოკი იონათამიშვილი, მამუკა კაციტაძე და ბესარიონ ბენდელიანი. ფრაქციის პრეზენტაცია საკრებულოში დღეს გაიმართა.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, ფრაქცია რეგლამენტით განსაზღვრული კარგი საშუალებაა, რომ თბილისელების ინტერესები იქნას დაცული.
"სწორედ ეს არის გაერთიანების მიზეზი. როგორი პოლიტიკური ვითარებაც უნდა იყოს შექმნილი, ჩვენი ამოცანა არის თბილისელების უფლებების დაცვა. შევეცდებით, რომ ხარისხი საკრებულოს საქმიანობის იყოს მაღალი და ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი პოზიცია", - განაცხადა იონათამიშვილმა.
რაც შეეხება მოთხოვნას საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით, კოკი იონათამიშვილის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი საკითხს, მათ შორის, თანამდებობის პირების გადაყენების თაობაზე უნდა იყოს მსჯელობა.
"ეს სხდომა აუცილებლად დაინიშნება რამდენიმე დღეში და ძალიან კარგი იქნებას მისი დანიშვნა, რადგან ყველა ფრაქცია ერთად იმსჯელებს იმ მოთხოვნებზე, კერძოდ თანამდებობის პირების გადაყენების თაობაზე, რომლებიც დღეს არსებობს", - განაცხადა იონათამიშვილმა.