ვახტანგ რჩეულიშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს

ვახტანგ რჩეულიშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს

ვახტანგ რჩეულიშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს, რომ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არ მოითხოვოს. ამასთან დაკავშირებით ვახტანგ რჩეულიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლების დაპატიმრება კომპანიის გაჩერებას გამოიწვევს. 

"რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს ჩვენი ოჯახისათვის ეს ფაქტი, ტრაგედიას ვერ ვხედავთ. ჩვენც დაინტერესებულები ვართ, რაც მეტ შეკითხვას გაეცემა პასუხი. თუმცა, ტრაგედია იქნება, რომ შეუფარდონ მათ პატიმრობა. უხეში ჩარევა კომპანიის მუშაობაში და მათი დაკავება ნიშნავს კომპანიის გაჩერებას. ასეთი ჩარევა ბიზნესში დამღუპველია. ჩვენ ბრალდებებს არ ვეთანხმებით, თუმცა თავად ვართ დაინტერესებული სასამართლოთი, რომ გაირკვეს, თუ ვის მიუძღვის ბრალი იმაში, რომ კომპანია ასეთ დღეში ჩავარდა", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

მან ჟურნალისტებთან იმ დეტალებზე ისაუბრა თუ როგორ მოხვდა კომპანია "ცენტრ პოინტის" მართვაში კომპანია "დექსუსი". რჩეულიშვილის თქმით, კომპანიის "დექსუსისთვის" მართვაში გადაცემა მათ ყოფილმა ხელისუფლებამ მოსთხოვა.

"გიგი უგულავამ, ქალაქის მერმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქადაგიძემ გვამცნეს გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული იყო ადეიშვილთან, წადით სახლში და თქვენს მაგივრად "დექსუსი" იმუშავებსო. რუსუდანი, როდესაც შევიდა პარლამენტში, ისინი ელოდნენ ფულად დახმარებას და რომ დაინახეს არ მოყვა პარტიის დაფინანსება, შემდეგ დაინტერესდნენ და გახდა მიმზიდველი მათთვის კომპანია. ისეთი ლუკმა დაინახეს, რომ მისი ხელიდან გაშვება აღარ მოინდომეს და ჩამოგვაცილეს", - განაცხადა რჩეულიშვილმა.
რჩეულიშვილის თქმით, "დექსუსი "ცენტრ პოინტმა" მართვაში 92 მილიონის ქონება გადასცა.