საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატ გიორგი ვაშაძის სახლის დაყადაღების საკითხი მთლიანად სასამართლოზეა დამოკიდებული. კოტე კუბლაშვილი ბიზნესმენ ჟოზეფ ქეისა და გიორგი ვაშაძეს შორის სასამართლო დავის საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს.
როგორც კუბლაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მისი მხრიდან რაიმე სახის კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება. მისივე თქმით, სასამართლოში დაწყებული პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გაგრძელდეს.
"მთლიანად სასამართლოზეა დამოკიდებული, პროცესი დაიწყო და უნდა დაველოდოთ როგორ გაგრძელდება. ამას თავისი წესები აქვს და ამ წესების მიხედვით უნდა იქნეს ყველაფერი გადაწყვეტილი. რაიმე კომენტარი ჩემგან ნამდვილად არ იქნება სწორი, იმიტომ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიწყო პროცესი და უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად, როგორც კანონმდებლობით არის განსაზღვრული", - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
გიორგი ვაშაძეს ჯოზეფ ქეიმ სასამართლოში უჩივლა, რის გამოც, ვაშაძის სახლი დაყადაღებულია. სასამართლო დავა ვაშაძესის განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის ამბობს, რომ ჯოზეფ ქეი საერთაშორისო თაღლითია.