საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს იმ რეფორმების განხორციელებისათვის, რომლებიც დაგვაახლოებს ევროპასთან, - ამის შესახებ ბათუმში, კონფერენციის სახელწოდებით - "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები-ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ" გახსნისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ევროინტეგრაციის პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებთან და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვასთან.
"გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს თავისუფლება და უსაფრთხოება, რათა ასე დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ევროპულ ოჯახში. ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. კმაყოფილება მინდა გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და რეგიონის სხვა სახელმწიფოების მიმართ დამკვიდრდა ტერმინი - "აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები", რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობამაც. როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა, მინდა აღვნიშნო, რომ ევროინტეგრაციის პრიორიტეტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებთან და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვასთან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს იმ რეფორმების განხორციელებისათვის, რომლებიც დაგვაახლოებს ევროპასთან, ეს კი, ჩვენთვის ქვეყნის სწრაფ მოდერნიზაციასთან არის გაიგივებული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, მან დაგეგმილ რეფორმებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დემოკრატიის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების დაცვის, სურსათის უვნებლობის, კონკურენციის, გარემოსა და შრომის დაცვის საკითხებს.
"ჩვენ კარგად გვესმის, რომ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, ამას სჭირდება სათანადო ფინანსური და საკადრო რესურსები, ახალი ინსტიტუტებისა და სტრუქტურების შექმნა და არსებულის დახვეწა. ჩვენ ვატარებთ ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმებს - ესაა ჯანდაცვაში, განათლებასა და სოფლის მეურნეობაში გატარებული რეფორმები. უკვე გვაქვს წინსვლა ამ რეფორმების განხორცილების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხის კეთილდღეობას", - აღნიშნა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული რეფორმა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახორციელებენ, ეს არის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა.
"წამოწყებული რეფორმა ეყრდნობა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ასახავს ვენეციის კომისიისა და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წინადადებებს. საქართველოს პარლამენტმა ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღო კანონი სასამართლოების შესახებ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ხალხი მიიღებს დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელიც თავისუფალი იქნება აღმასრულებელი შტოს ზემოქმედებისა თუ სხვა სახის პოლიტიკური ზეგავლენისაგან", - განმარტა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, მან ყურადღება სიტყვის თავისუფლების აუცილებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მედიის დამოუკიდებლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სიტყვის თავისუფლების ფასი და ამიტომაც ჩვენი ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას. ამ მხრივ, სასიკეთო ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ყველასთვის აშკარაა, რომ ახალი ხელისუფლება არ ერევა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მუშაობაში. ჩემი მოწვევით, ევროკავშირმა საქართველოში მოავლინა თომას ჰამარბერგი, როგორც სპეციალური მრჩეველი სამართლებრივი, საკონსტიტუციო რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში. ხოლო ეუთოსა და სხვა საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები განახორციელებენ წინა ხელისუფლების თანამდებობის პირთა საქმეების გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესების შესაბამისობა საერთაშორისო ნორმებთან", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.