პარლამენტი დღეს ორ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. საუბარია "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტსა და "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე.
პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ კანონპროექტებზე წარმოდგენილ შენიშვნებს დეპუტატები დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ, შემდეგ კი კანონპროექტების ორივე ვარიანტს კენჭს უყრიან და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდებიან.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტს ოთხი ძირითადი შენიშვნა აქვს. მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ზოგად წესებს და ასევე მოქმედი საბჭოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს აკრიტიკებს.
კერძოდ, პრეზიდენტი თვლის, რომ ძალაში კანონის ის მოქმედი ნორმები უნდა დარჩეს, რომელიც პარლამენტის მიერ მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის აღძვრისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის მაღალ კვორუმს ადგენს. მოქმედი სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით კი, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას საფრთხის წინაშე დააყენებს.
სააკაშვილს შენიშვნები კანონპროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებითაც აქვს, რომელიც საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებას ეხება. პრეზიდენტი უნდობლობის გამოცხადების საფუძვლებში საბჭოს პოლიტიკური მოსაზრებებით დათხოვნის საფრთხეს ხედავს და პარლამენტს კანონპროექტიდან შესაბამისი პუნქტების ამოღებას სთავაზობს.
გარდა ამისა, სააკაშვილისთვის მიუღებელია მაუწყებლის მიერ მარეგულირებელი კომისიისთვის წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. კერძოდ ის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, ეროვნულ მაუწყებელს ეკისრება ყოველი წლის 1-ელ მაისამდე კომისიისთვის გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე ინვესტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონი და ასევე მიღებული ცვლილებები მაუწყებლის საქმიანობის გამჭირვალობას ითვალისწინებს და გამომდინარე აქედან, დამატებითი ვალდებულების დაკისრება, მაუწყებელს მძიმე ტვირთად დააწვება.
რაც შეეხება კიდევ ერთ ვეტოდადებულ კანონპროექტს, პრეზიდენტმა ხელი იმ ცვლილებებს არ მოაწერა, რომლის საფუძველზეც, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრების თანამდებობაზე მოხსნა-დანიშვნა მისი პრეროგატივა აღარ იქნება და უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის ხელში გადავა. ამავე ცვლილებების ფარგლებში, პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს, კომისიის თავმჯდომარის პოსტზე.