შტეფან ფულე - მითია, რომ საქართველო ვილნიუსის სამიტზე წარმატებას ვერ მიაღწევს

შტეფან ფულე - მითია, რომ საქართველო ვილნიუსის სამიტზე წარმატებას ვერ მიაღწევს

ორი მიზანი - საქართველოს ვილნიუსის სამიტზე წარმატება და მის მემკვიდრეობასთან გამკლავება, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთთან, - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მითია ის, რომ საქართველო ვილნიუსის სამიტზე წარმატებას ვერ მიაღწევს.

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება გამოვთქვა ჩემი პირადი მოსაზრება იმ ორ მითზე, რომელიც გარს ერტყმის საქართველოზე დებატებს.

პირველი მითი არის ის, რომ საქართველოს წარმატების შანსები ვილნიუსში ძალიან დაბალია და რომ საქართველო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ აგრძელებს მის განსაზღვრულ გზას - ევროპულ და დემოკრატიულ რეფორმებზე ორიენტირებულ გზას. ეს არის მითი და საჭიროა ამ მითის დანგრევა. მეორე მითი არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო წარსულის მემკვიდრეობაზე და რომ ევროკავშირი არ არის საკმაოდ აქტიური და არ აღიქვამს იმ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ეს არ არის სიმართლე, რადგან ჩვენ ვაკვირდებით ყველა საქმიანობას საქართველოში. ყველა პროცესი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. სტანდარტები და ღირებულებები უნდა იყოს შესრულებული, რათა ერთად მივაღწიოთ წარმატებას. ორი მიზანი - საქართველოს ვილნიუსის სამიტზე წარმატება და მის მემკვიდრეობასთან გამკლავება, არ უნდა იყოს წინააღმდეგობაში ერთმანეთთან. ესეც, ჩემი თვალსაზრისით, მითი იქნებოდა", - განაცხადა ფულემ.
ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის თქმით, ბოლო 9 თვის განმავლობაში, ეს საქართველოში მისი მესამე ვიზიტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას.

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა მეათე საიუბილეო კონფერენციაზე დასწრება. მე ვყოფილვარ საქართველოში ძალიან ბევრჯერ. ბოლო 9 თვის განმავლობაში ეს არის მესამე ვიზიტი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ევროკავშირი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც პარტნიორს და მეგობარს", - აღნიშნა ფულემ.