ევროპა ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია და ვერც ერთი თაობა და პოლიტიკური ძალა ვერ მიიწერს მას განსაკუთრებულ დამსახურებად , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, კონფერენციის, სახელწოდებით - "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები-ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ" გახსნისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს ახალი ხელისუფლება საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის გზით სიარულს აგრძელებს.
"ჩვენი დასავლეთი პარტნიორების განსაკუთრებული აქტიურობა იმას მიანიშნებს, რომ სულ უფრო იზრდება დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი სტიმულია ჩვენი ქვეყნისთვის. ამგვარი ღონისძიება მეათედ იმართება, თუმცა ეს პირველია ახალი მთავრობის პირობებში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ხალხს კარგად ესმის, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია ის ერთადერეთი გზაა, რომელიც დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს ქვეყანას. ეს ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია და ვერც ერთი თაობა და პოლიტიკური ძალა ვერ მიიწერს ამას განსაკუთრებულ დამსახურებად, რადგან ამ არჩევანს თავისი მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს. საქართველო, ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანაა თავისი კულტურითა და ღირებულებებით. ბატონებო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პირველად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით და სათავეში მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელსაც დასახული აქვს ჩვენი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების რეალური განხორციელება. ჩვენი მიზანია ხელი შევიწყოთ აქტიური ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და ასე ავაშენოთ ნამდვილი დემოკრატია", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს.
მისივე განმარტებით, დასავლეთში საქართველოს მარტო ის კი არ ხიბლავს, რომ მან მშვიდობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწია, არამედ ის, რომ მისთვის მთავარი ღირებულება გახდა თავისუფალი ადამიანი.
"ჩვენ ვხედავთ თქვენს უმთავრეს მიღწევას, იმას რომ თქვენთვის თავისუფალი ადამიანი გახდა მთავარი ღირებულება. სწორედ თანამედროვე ევროპის მაგალითი ადასტურებს, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა მხოლოდ თავისუფალი ადამიანის მონაპოვარი შეიძლება იყოს. თქვენ, ევროპელებმა შეძელით და აღკვეთეთ ყველა რელიგიური და ეთნიკური ექსტრემიზმი, ყველა ის იდეოლოგია, რომლებსაც შეიძლება შესწირვოდა ადამიანის უფლებები. საქართველო უძველესი კულტურის და დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაა, თუმცა ისტორიული ქარტეხილების გამო დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრებას ახლა ვსწავლობთ და ამაში პარტნიორების დახმარების იმედი გვაქვს. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამყარდეს. გარწმუნებთ, საქართველოში ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე – განურჩევლად სექსუალური თუ რელიგიური კუთვნილებისა", - აღნიშნა ივანიშვილმა.