უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ერთმანეთს შეხვდებიან. როგორც კოტე კუბლაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხება მოსამართლეთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რადგან პირველი ინსტანციის მოსამართლეთა ხელფასები არ შეესაბამება რეალობას.
"პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ მოსამართლეთა სოციალური პირობები იყოს მაქსიმალურად გაუმჯობესებული. იმიტომ, რომ მანამდე მოსამართლეების ხელფასები, სოციალური გარანტიებით იზრდებოდა, შემდეგ ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო შეჩერდა, მაგრამ ახლა დრო არის უფრო გავაძლიეროდ, იმიტომ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ხელფასები, განსაკუთრებით პირველ ინსტანციაში, არ შეესაბამება რეალობას. ეს აუცილებელი იქნება რომ გავაკეთოთ და მე იმედი მაქვს ამ საკითხში მთავრობის მხარდაჭერის", - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
ბათუმში კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" გაიხსნა. საკონფერენციო დარბაზის შესასვლელთან კოტე კუბლაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს გაესაუბრნენ. კოტე კუბლაშვილმა პრემიერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანი ლევან მურუსიძე წარუდგინა.