ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ პროკურორ გიორგი დავითაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ პროკურორ გიორგი დავითაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ პროკურორ გიორგი დავითაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. ივანიაძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში გვიანობამდე გაგრძელდა. როგორც უწყებიდან გამოსულმა ბრალდებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვისას ძირითადად სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.

ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით კი, გამომძიებლის მხრიდან კითხვები ივანიაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

"კითხვები ეხებოდა გუშინდელ პრესკონფერენციაზე მამუკა ივანიაძის მიერ გაჟღერებულ ფაქტებს, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, როცა აიძულეს, რომ ყალბი ჩვენება მიეცა. მათ შორის მამუკა ივანიაძემ ახსენა, რომ კითხვები ზეწოლის დროს იყო დავით კირვალიძესთან დაკავშირებითაც", - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ივანიაძის დაკითხვის პროცესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი მაია ხუციშვილი აკვირდებოდა. მისი შეფასებით, დაკითხვა მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა და პროკურორის მხრიდან საკმაოდ კორექტული მიდგომა არსებობდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძის განცხადებით, მას დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

როგორც მამუკა ივანიაძემ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაკავების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი, ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა.