საწყენია, რომ ახლა გაცილებით მეტს ვსაუბრობთ საქართველოში არსებულ პრობლემებზე, ვიდრე მანამდე ვსაუბრობდით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიშინიოვში, ”ევროპის სახალხო პარტიის” აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების მე-3 სამიტის პირველ სამუშაო სესიის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ძალებს, რომლებიც უკან გვექაჩებიან, თავად არ აქვთ მომავალი.
"ვწუხვარ, რომ მოლდოვასა და საქართველოსთვის რამდენიმე წლის წინათ ვილნიუსის სამიტზე არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ვვარაუდობდით, არამედ უფრო მეტი ევროპული პერსპექტივის შესაძლებლობებსაც განვიხილავდით. როგორც პრეზიდენტმა მარტენსმა აღნიშნა, გასული წლის შემდეგ საქართველოში გარკვეული სირთულეები შეიქმნა. ვიმედოვნებ, რომ ეს სირთულეები დროებითია და დიდხანს არ გაგრძელდება. საწყენია, რომ ახლა გაცილებით მეტს ვსაუბრობთ პრობლემებზე, ვიდრე მანამდე ვსაუბრობდით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა პარალელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას პოლიტიკურ პროცესებს შორის გაავლო და ყურადღება იმ რისკებზეც გაამახვილა, რომლებიც ქვეყანას ევროპულ ფასეულობებისგან აშორებს.
"ეს არის ის, რაც მოხდა ჩემს ქვეყანაში, მანამდე კი - უკრაინაში. ეს რისკია თქვენთვისაც. ზუსტად იგივე მეთოდები, რაც საქართველოში იქნა გამოყენებული, ზუსტად იმავე ხალხის მიერ შეიძლება იქნას გამოყენებული მოლდოვაშიც. ჩვენ გარკვეულ საკითხებს ვიზიარებთ უახლესი წარსულიდან. ამ გადმოსახედიდან, იმის მიუხედავად, თუ რას აკეთებენ ჩვენი ქვეყნის პროგრესის მტრები, საჭიროა წინსვლა, ინტეგრაციის გაგრძელება, ევროპული მომავლისა და დემოკრატიის მშენებლობა. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ. ამიტომ, წავახალისოთ ახალგაზრდობა და არასდროს აღარ დავბრუნდეთ უკან. ვფიქრობ, ძალებს, რომლებიც უკან გვექაჩება თავად არ აქვს მომავალი. ჩვენ კი ერთი უცვლელი მიზანი გვამოძრავებს", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადების ტექსტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.