ურმას პაეტი - არ უნდა რჩებოდეს თუნდაც მცირე შთაბეჭდილება, რომ ბოლოდროინდელ დაკავებებზე არის პოლიტიკური გავლენა

ურმას პაეტი - არ უნდა რჩებოდეს თუნდაც მცირე შთაბეჭდილება, რომ ბოლოდროინდელ დაკავებებზე არის პოლიტიკური გავლენა

მეგობრები ერთმანეთთან ღია უნდა იყვნენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე რთულ საკითხებს ეხება, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტიმ საქართველოს საგარეო საქმთა მინისტრ, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამით ურმას პაეტი ესტონეთის პრეზიდენტის, თომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში ბოლოდროინდელ დაკავებებზე და გამოძიებებზე მკაფიოდ უნდა იყოს ახსნილი და არ უნდა რჩებოდეს თუნდაც მცირე შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფერზე არის პოლიტიკური გავლენა.

"ეს არის ის ფონი, რა ფონზეც გააკეთა განცხადება ესტონეთის პრეზიდენტმა. მეგობრებს შორის არ უნდა იყოს საკითხი, რომელსაც არ განიხილავ. საქართველოსთვისაც კარგი იქნება იცოდეს, რა აწუხებს მის ახლობლებს. დემოკრატიაში და კანონის უზენაესობაში, ასეთი საქმეები უნდა იყოს განცალკევებული პოლიტიკისგან", - აღნიშნა ურმას პაეტიმ.

მისივე თქმით, საქართველოს ბოლოდროინდელი მიღწევები მსოფლიოში ყველას არ მოსწონს და არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ყველა შეცდომა გამოიყენონ. "ჩენ გვინდა ვნახოთ, იყოს უფრო ნაკლები საკითხი, რომელიც საქართველოს განვითარებას შეუშლის ხელს",-განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა რუსულ "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროპის ბევრი ქვეყანა ყურადღებით აკვირდება. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებს აინტერესებთ, აქვს თუ არა ადგილი შურისძიებას საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

"ისინი ამბობენ, რომ საუბარია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე, თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურება. ხადარკოვსკის საქმემ არსებითად დააზიანა ხელისუფლებისადმი რწმენა რუსეთში. ანალოგიური შედეგი მოიტანა უკრაინაში ტიმოშენკოს საქმემ. ახლა საქართველოს ახალი ხელისუფლება აპატიმრებს ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, ჩვენ კი გვეუბნება, რომ ის არავითარი კანდიდატი არ არის, რადგან დარეგისტრირება ვერ მოასწრო. როგორც ჩანს ისინი სულელებად გვთვლიან, თუმცა, ჩვენ სულელები არ ვართ", - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.