ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ

ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ "დექსუსი" გიგი უგულავას ფირმაა

"დექსუსი" გიგი უგულავას ფირმაა, - ამის შესახებ "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის მეუღლემ, ვახტანგ რჩეულიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, აშენებული ბინების 90% მობინადრეებს ვერ აძლევენ, რადგან ერთი ამხანაგობა ჩივის, რომ მისია ეს ბინა და მეორეც ანალოგიურს აკეთებს.

"ეს მათი გასარკვევია, ჩვენ რას გვერჩიან? არც მერიაზე და არც ამ ამხანაგობებზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ რადგან მაია და რუსუდანი დამფუძნებლები არიან, საჩივარი ამათზეცაა და მილიონებზე დავაში ამათი სახელიც ფიგურირებს. დავამტკიცებთ, რომ ამ მილიონებთან კავშირი არ გვაქვს, არავითარ გაფლანგვას არ აქვს ადგილი. თითქმის ყველა ბინის გადაცემა დღესვე შეგვიძლია, მაგრამ ამ ამხანაგობების დავის გამო ხალხს ვერ ვაძლევთ ბინებს ორი წლის განმავლობაში. "დექსუსი" ეს გიგი უგულავას ფირმაა",- განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
"დექსუსის" პიარმენეჯერი ნატა თოფურია აცხადებს, რომ დექსუსი "ცენტრ-პოინტს" 2010 წლიდან მართავს.

"ჩვენმა კომპანიამ "ცენტრ-პოინტს" 2010 წლიდან მართავს, ხოლო პროკურატურის განცხადების თანახმად, თაღლითური სქემა 2004-2009 წლებს ეხება ანუ ამ დროს მოხდა "ცენტრპოინტის" მხრიდან ამხანაგობა "თაბუკაშვილი88"-ის მენაშენეთა თანხების თაღლითური მითვისება. აქედან გამომდინარე, აბსურდულია ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის ივანე ცაგურიას დაკავება თაღლითობაში დახმარებისათვის, ხოლო მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის განთავისუფლება," – აცხადებს თოფურია.

რაც შეეხება ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "დექსუსი" გიგი უგულავას ფირმაა, ნატა თოფურია ამბობს, რომ "დექსუსის" დამფუძნებელი ირაკლი კილაურიძეა, რომელიც ხვალ ყველაფერზე გააკეთებს კომენტარს.