"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროდან პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს.
"მიმდინარე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს პროკურატურის გამომძიებლებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა მას შემდეგ, რაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრები და ახლობლები დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ. თავად მოწმის სახით დაკითხული მამუკა მიქაუტაძის ჩვენება ბევრ კითხვას ბადებს, თუ რამდენად მისცემდა პირი ნებაყოფლობით მსგავსი შინაარსის ჩვენებას საკუთარი თავისა და მეგობრის წინააღმდეგ. დამოუკიდებელმა ექსპერტმა უკვე დაადასტურა მიქაუტაძის სხეულზე გარეგნული დაზიანების ნიშნები, რომელიც ექსპერტის განცხადებით, მიქაუტაძეს სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდში მიადგა "რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით". ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობს, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ პირობებში, მიქაუტაძის საქმის შს სამინისტროს მიერ გამოძიება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას და ეს დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საქმის სხვა უწყების მიერ გამოძიებას გულისხმობს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 29 სექტემბრის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, დაიცვან როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაწყებული გამოძიება დაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს პროკურატურას", - აცხადებენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში".