მთაწმინდის გამგებელმა, ნიკოლოზ მელიამ ჟურნალისტებს "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარე , ირაკლი შიხიაშვილის მიერ მიცემული ჩვენება წარუდგინა.
როგორც ნიკოლოზ მელიამ განაცხადა, "ბანკ ქართუს" გაკოტრების საქმეში ირაკლი შიხიაშვილიც მონაწილეობდა.
"ვთვლი, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ირაკლი შიხიაშვილი გუშინდელ ჩემს განცხადებას გამოეხმაურებოდა და იტყოდა, რომ ის არანაირ კავშირში არ იყო "ბანკი ქართუს" გაკოტრებასთან. ეს არის მტკნარი სიცრუე. იგი სპეკულირებს თბილისელების სახელით", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მან დღეს წარმოადგინა ირაკლი შიხიაშვილის დაკითხვის ოქმი, რომელიც შედგენილია 2012 წლის 3 დეკემბერს. "ირაკლი შიხიაშვილი დეტალურად აღწერს, როგორც მოხდა მისი დაკავშირება შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან და მან თვითონ გამოთქვა სურვილი "ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმეში მიეღო მონაწილეობა. იგი დეტალურად აღწერს ყველაფერს, ადასტურებს, რომ 2007 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება "ეკრანის" დამფუძნებელი და გარკვეული პერიოდის შემდეგ თვალთმქაცურად გადააფორმა წილი მის უახლოეს მეგობარზე. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან თვითონ იყო გარიგებაში შესული", - განაცხადა ნიკოლოზ მელიამ.
მისივე თქმით, ირაკლი შიხიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე იცრუა. "მაშინ, როდესაც "ბანკი ქართუს" გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით ადამიანები საბრალდებო სკამზე სხედან, ვთვლი, რომ ირაკლი შიხიაშვილიც მათ გვერდით უნდა იჯდეს", - აღნიშნა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა.
ირაკლი შიხიაშვილი "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით ძველი თბილისის რაიონის გამგებლის, ნიკოლოზ მელიას განცხადებას უარყოფს. მან საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე უარყო ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მიერ გაკეთებული განცხადება "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში შიხიაშვილის მონაწილეობის შესახებ.
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, მას ამ საქმესთან კავშირი არა აქვს და საგამოძიებო ორგანოებისათვის ამასთან დაკავშირებით არც ჩვენება მიუცია.
ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, საკრებულოში უმრავლესობის დაკარგვით "ნაცმოძრაობა" აგონიაშია ჩავარდნილი, რის გამოც, ცილისწამება დაიწყო.
ირაკლი შიხიაშვილმა ნიკოლოს მელიას უგულავას "მელია ბაჭია" და "ადეიშვილის ლაქია" უწოდა და აღნიშნა, რომ შიხიაშვილი და მისი კოლეგები საკრებულოში დაასრულებენ გიგი უგულავასა და მისი "მელია ბაჭიების" ტალახის სროლასა და უზნეო პარპაშსს.