ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგებს საკუთარი ვაჟის საქმე გაახსენა

ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგებს საკუთარი ვაჟის საქმე გაახსენა

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ ოპოზიციონერ კოლეგებს შერჩევითი მართლმსაჯულების ბრალდების პასუხად, საკუთარი ვაჟის საქმე გაახსენა. 

შვილთან დაკავშირებულ შემთხვევაზე ბესელიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გაამახვილა ყურადღება, რაც უმცირესობამ 7 ივლისს დაკავებული ახალგაზრდების 1000 ლარით დაჯარიმება შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითად შეაფასა.

,"არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ შერჩევით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რაზეც მერამდენედ ვისმენ, უნდა ვთქვა… შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითი იყო 2009 და 2010 წელს. პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით, მაშინ როცა არც კადრები არსებობდა და არც კონკრეტული სამხილები, სკოლის მოსწავლე იყო ჩემი შვილი, როცა მას პატიმრობა შეუფარდეს. მას ჯარიმა კი არ დააკისრეს, ერთი წელი ციხეში იჯდა. მსგავსი პრეცედენტი სასამართლო პრაქტიკაში არ არსებობდა, როდესაც არასრულწლოვანს ამ მუხლით პატიმრობაში ამყოფებდნენ და საპატიმრო სასჯელი შეუფარდეს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა. თქვენ ახლა საუბრობთ შერჩევით მართლმსაჯულებაზე, მაგრამ როცა ამის თაობაზე სახალხო დამცველის ანგარიშში ეწერა, არ მახსოვს, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ყოფილიყო საუბარი და რომელიმე თქვენგანს განცხადება გაეკეთებინა. არ მინდოდა ეს მეთქვა, მაგრამ შერჩევით მართლმასჯულებაზე უკვე ბევრჯერ მოვისმინე თქვენგან განცხადებები", - მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს ეკა ბესელიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 7 ივლისს, თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებზე და ინციდენტის დროს სამი პირის დაკავების თემაზე მსჯელობს. 

სტადიონთან განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა და ინფორმაცია წარდგენილი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც საკითხზე კომიტეტისგან სპეციალური დასკვნის მიღებას ითხოვს.