შსს-მ 2011-2012 წლებში 1 მლნ 660 800 ათასი ლარი არაეკონომიურად დახარჯა

შსს-მ 2011-2012 წლებში 1 მლნ 660 800 ათასი ლარი არაეკონომიურად დახარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნის თანახმად, შსს-მ 2011-2012 წლებში 1 მლნ 660 800 ათასი ლარი არაეკონომიურად დახარჯა.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულბელმა თორნიკე შერმადინმა განაცხადა.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 2011 და 2012 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. კერძო კომპანიებისგან გარკვეული შესყიდვები განხორციელებულია გამარტივებული შესყიდვის გზით, რის მიზეზადაც სახელდებოდა შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა, მაშინ როდესაც მსგავსი აუცილებლობა არ არსებობდა.

კერძოდ, 2011 წლის ნოემბრში შპს "ალგორითმისგან" ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სამინისტრომ 5000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი, 2 მლნ 775 ათას ლარად შეისყიდა. ასევე 2012 წლის იანვარში გამოცხადებულ ტენდერში შპს “ალგორითმმა” გაიმარჯვა, რომელიც იყო ერთადერთი პრეტენდენტი და ამ შემთხვევაში, მისგან შეძენილია 2000 ცალი პლანშეტური კომპიუტერი, 1 მლნ 100 ათას ლარად. შპს "ალგორითმმა" შსს-ს პროდუქცია 30%-იანი ფასნამატით მიჰყიდა, რამაც ჯამურად 749 000 ლარი შეადგინა, ასევე, შს სამინისტრომ 2012 წლის ივლისში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შპს "საქართველოს ფოსტიდან" 981 000 ლარის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილები შეისყიდა. "საქართველოს ფოსტის" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ შესყიდვაზე ფასნამატმა 360 000 ათასი ლარი შეადგინა. აუდიტის შედეგად დადგინდა სხვა შესყიდვებიც, როდესაც შესყიდულ საქონელზე ფასნამატი არაგონივრულად მაღალი იყო. მაგალითად, 2011 წლის სექტემბერში შპს “მეჯიქ კომპანისგან” შესყიდულია სიჩქარის საზომი რადარები 2 მლნ 49 000 ათას ლარად, სადაც შპს "მეჯიქ კომპანისთვის” ფასნამატის სახით გადახდილია 551 800 ლარი. ამრიგად, აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, შსს-ს მიერ არაეკონომიურად დახარჯულია 1 მლნ 660 800 ათასი ლარი", - განაცხადა შერმადინმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტის მასალებს შემდგომი მოკვლევისთვის სამართალდამცველ ორგანოებს გადაუგზავნის.