ბიძინა ივანიშვილი:  გადავდივართ ახალ ეტაპზე, რაც შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას

ბიძინა ივანიშვილი: გადავდივართ ახალ ეტაპზე, რაც შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში ევროკომისარ შტეფან ფულესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მოხარულია, რომ საქართველოში იმყოფება ევროკომისარი, რომელსაც დიდი წვლილი აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიზიტით იმყოფება შტეფან ფულე, ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი, მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო მისი წვლილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში. როგორც იცით, ის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო ამ საქმის, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ინსტიტუციონალურად გამართვასა და დაჩქარებაზე", - აღნიშნა ბიძნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.

" დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე. ეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ისტორიული მომენტია. ამიერიდან გადავდივართ თვისებრივად ახალ ეტაპზე, რაც შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის მისწრაფებაა და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ რთულ გზაზე ევროკავშირის დახმარებას და მხარს ვუჭერთ იმ მიდგომას, რომელსაც "მეტი მეტისთვის" უწოდებენ", - აღნიშნა ბიძნა ივანიშვილმა.