შტეფან ფულე:  ვილნიუსის სამიტზე საქართველოს შესაძლებლობა ექნება, თავისი ევროპული არჩევანი დაადასტუროს

შტეფან ფულე: ვილნიუსის სამიტზე საქართველოს შესაძლებლობა ექნება, თავისი ევროპული არჩევანი დაადასტუროს

ვილნიუსის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ექნება, კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ევროპული გზა და არჩევანი. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ამისთვის ძალიან ბევრი სამუშაო უნდა ჩატარდეს და საქართველომ უნდა მოახერხოს იმის ჩვენება, რომ ადამიანის უფლებების პატივიცემა ხდება.

"ასევე უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ გრძელდება დემოკრატიული განვითარება. აქვე უნდა ვახსენო კოაბიტაცია. მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არის გამოყენებული ასეთი მიდგომა, ძალიან კონსტრუქციული და რომ ორი პარტია ცდილობს კონსტრუქციულად ითანამშრომლოს. მნიშვნელოვანია, რომ ხორციელდება სხვადასხვა რეფორმები, როგორიც არის, მაგალითად, სასამართლო რეფორმა, თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მიღწეული იქნას უფრო მეტი შედეგი. მათ შორის იმისათვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემის პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლება. მე მივესალმები ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც სწორედ ამაზე არის მიმართული. ეს ასახულია პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებში და ეს უნდა ისახოს ყველა მათ ნაბიჯსა და საქმიანობაში. ეს რეფორმა არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ უნდა იქნას დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაგრამ ეს იმასაც არ უნდა გულისხმობდეს, რომ ადამიანებს შეექმნას დაუსჯელობის განცდა. ვიცი, რომ საქართველოში არსებობს ბევრი ღირებულება, ევროპული ღირებულებაც მათ შორის და დარწმუნებული ვარ, მთავრობა ამ გზით სვლას გაარძელებს. რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირი აგრძელებს თავის მხარდაჭერას ქვეყნისათვის",- აღნიშნა ფულემ.