ვახტანგ რჩეულიშვილი:  მაიასა და რუსუდანის გამამტყუნებელი განაჩენით კლიენტები ვერაფერს მიიღებენ

ვახტანგ რჩეულიშვილი: მაიასა და რუსუდანის გამამტყუნებელი განაჩენით კლიენტები ვერაფერს მიიღებენ

მაიასა და რუსუდანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, კლიენტები ვერაფერს მიიღებენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, "ცენტრ პოინტი" პროკურატურასთან თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ორგანომ ყადაღა ახსნა იმ ბინებს, რომლებიც უკვე მზად იყო კლინეტებისთვის გადასაცემად. რჩეულიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დაკმაყოფილებულია ასობით ადამიანი და პროკურატურისგან მიიღეს დაპირება, რომ კიდევ აეხსნება ყადაღა იმ ობიექტებსაც, რომლებიც კლიენტების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.

როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, პროკურატურამ ასევე შეაჩერა "ცენტრ პოინტის" იმ ქონების გაყიდვაც, რომლებიც "დექსუსის" მიერ დაგროვებული ვალების გამო სხვისდებოდა.

"დექსუსმა" საოცარი ხელშეკრულება გააფორმა ბათუმის მერიასთან და აღიარა 7,5 მილიონი ლარის დავალიანება, როცა რეალური ვალი 3 მილიონს არ აღემატებოდა. იგივე მოხდა თბილისში, 11 მილიონის აღიარებასთან დაკავშირებითაც. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს თანხები საარჩევნოდ იყო გამოყოფილი და "დექსუსი" იყო ფულის გარეცხვის მანქანა არჩევნების დაფინანსებისას, თუმცა ამ ყველაფერს, რასაკვირველია, პროკურატურის დასკვნა სჭირდება. მაია და რუსუდანი, რასაკვირველია, დამნაშავეები არიან, რადგან ამდენ ხანს გაიწელა ბინების გადაცემის პროცესი და ცხადია, ვინმემ პასუხი უნდა აგოს, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ერთ წელიწადში "ცენტრ პოინტს" მომჩივანი აღარ დარჩება, მაგრამ თუ მაია და რუსუდან კერვალიშვილების მისამართით გამამყტუნებელი განაჩენი დადგება, კლიენტები ვერაფერს მიიღებენ, გარდა იმისა, რომ შესაძლოა დაუმთავრებელი სახლები გადაეცეთ.

"პროკურატურის ინტერესს ვხედავ სწორედ იმაში, რომ ხალხი დაკმაყოფილდეს. თუ მე ვარ პრემიერი ან პრეიზიდენტი, გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ ამ ადამიანებს ბინების მიღების შანსი დავუკარგო? იმაში კი ეჭვი მეპარება, რომ რაიმე დანაშაული გამოჩნდება, რადგან მე კარგად ვიცნობ მაიასა და რუსუდანის საქმიანობას და მათ მიზნებს. თუ ერთ წელიწადში ყველა კლიენტი დაკმაყოფილდება და თუ მომჩივანი აღარ იქნება, პასუხისმგებლობის საკითხიც ვერავისი დადგება", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა კომპანიის მმართველობისას საჭირო სიმკაცრე არ გამოიჩინეს, რადგან ცუდ გადამხდელებს ბინებს არ უყიდნენ, რითაც კარგ გადამხდელებსაც და საკუთარ თავსაც აზარალებდნენ.

"ისე კი მამაჩემიც იყო დაჭერილი და წელიწადნახევარში გამოვიდა ციხიდან, დღეს კი ყველამ იცის, რომ ის უკანონო პატიმარი იყო. მე რომ მკითხოთ, პროკურატურა აჰყვა მომიტინგეებს და ბრალი მათი პლაკატებიდან გადაიწერა. თუმცა სიმართლე არ დაიკარგება, ამის საშუალებას არავის მივცემთ. არამგონია, ვინმემ სცადოს მამაჩემის მაგვარი ექსპერიმენტის გამეორება", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

კომპანიაში შექმნილ პრობლემებს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი "დექსუსის" მმართველობის პერიოდს უკავშირების, რომელსაც, მისი შეფასებით, წინა ხელისუფლება არჩევნების დასაფინანსებლად იყენებდა. თუმცა, ვახტანგ რჩეულიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ამ მოსაზრებას რუსუდან კერვალიშვილი კატეგორიულად არ იზიარებს.

რჩეულიშვილმა ასევე გმირობა უწოდა "ცენტრ პოინტის" საქმიანობას და აღნიშნა, რომ მადლიერი უნდა იყოს ყველა კლიენტი, რადგან ომის და ათასი უბედურების მიუხედავად, მშენებლობა არ შეჩერებულა და ყოველ გადახდილ 100 დოლარზე მოქალაქეები 90 დოლარის პროდუქტს იღებდნენ.