არჩილ კბილაშვილის არგუმენტაცია ლადო ბედუკაძის საკითხთან დაკავშირებით, ეს იყო ბედუკაძის ადვოკატის განცხადება და არა გენერალური პროკურორის. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბედუკაძის გათავისუფლებით სამართლებრივად პროკურატურას კანონი არ დაურღვევია.
"თუ ბედუკაძე უშუალოდ მართლაც მონაწილეობდა ამ წამებაში, ჩვენ გაგვიჭირდება იმ დაზარალებული ადამიანებისთვის ახსნა, თუ რატომ მოხდა მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. ჩემი აზრით, ბედუკაძისთვის შეიძლებოდა სასჯელის შემსუბუქება და არა გათავისუფლება", - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება კბილაშვილის გადაყენების საკითხს, ხუხაშვილი ამბობს, რომ მის გადაყენებაზე საუბარი არ არის.ნ
"კბილაშვილს უკანონობა არ ჩაუდენია და ფორმალურად მისი მოხსნის საფუძველი არ არსებობს. საკითხი ასე არ დგას, ინსტიტუციურად ჩვენ ვერასოდეს დავლაგდებით თუ ხელისუფლება საკადრო ცვლილებებს მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან განახორციელებს. მთავარ პროკურორს ამ გადაწყვეტილებით კანონი არ დაურღვევია, ამდენად, თანამდებობიდან მისი გათავისუფლებით ფორმალური საფუძველი მთავრობას არ აქვს", - აღნიშნა ხუხაშვილმა.