ჯაბა ჯიშკარიანი და გიორგი დალაქიშვილი შს მინისტრს მიმართავენ

ჯაბა ჯიშკარიანი და გიორგი დალაქიშვილი შს მინისტრს მიმართავენ

"სამოქალაქო ფრონტის" ლიდერები ჯაბა ჯიშკარიანი და გიორგი დალაქიშვილი შს მინისტრს მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგნოებში არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება მოახდინონ. ამასთან დაკავშირებით მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს. 

როგორც ჯაბა ჯიშკარიანი აცხადებს, "სამოქალაქო ფრონტს" აქვს ინფორმაცია ბოლო პერიოდში პოლიციელების მხრიდან განხორცილებულ უკანონობზე.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რაც ბოლო პერიოდში მოხდა შსს თანამშრომლების მხრიდან. ერთ-ერთი არის ქობულეთში მომხდარი ფაქტი, სადაც სამი ახალგაზრდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი პოლიცილებმა გაიტაცეს, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ", – აცხადებს ჯიშკარიანი.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდები ქობულეთის პოლიციაში ჰყავდათ მიყვანილი, ქობულეთის პოლიციის უფროსი კი არის დავით დვალიშვილი. როგორც ჯიშკარიანი აცხადებს, დავით დვალიშვილი ახალი ხელისუფლების პირობებში დაინიშნა თანამდებობაზე.

ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, დვალიშვილი ბუტა რობაქიძის საქმეშიც მონაწილეობდა და ის რობაქიძის მკვლელობის დროს ინციდენტის ადგილას იყო.

ქობულეთში ინციდენტი 25 მაისს მოხდა. როგორც ჯიშკარიანი აცხადებს, ახალგაზრდები მალევე გაათავისუფლეს და 100-ლარიანი ჯარიმები დააკისრეს. ამ ქობულეთელმა ახალგაზრდებმა, მათი დაკავების ფაქტი ბათუმის გენერალურ ინსპექციაში გაასაჩივრეს.

გარდა ამისა, ჯაბა ჯიშკარიანი მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტსაც შეეხო და განაცხადა, რომ შსს მხრიდან აღნიშნული საქმეზე სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება.

"მინდა მივმართო შს მინისტრს და ახალ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ არის მისაღები გადაწყვეტილება, რომ სხვა პოლიცილებმა იგივე არ გაბედონ. მიქაუტაძის საქმეზე ველოდებით დროულ გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას", - აცხადებს ჯიშკარიანი.

გარდა ამისა, ჯაბა ჯიშკარიანი და გიორგი დალაქიშვილი ახალ ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად მოხდეს შსს გაყოფა და უშიშროების სამსახური აღნიშნულ სამინისტროს გამოეყოს. როგორც დალაქიშვილი აღნიშნავს, შსს გაყოფის შესახებ დაპირებას "ქართული ოცნება" მოსახლეობას არჩევნებამდე აძლევდა.