ეგვიპტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

ეგვიპტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

ეგვიპტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეგვიპტეში საქართველოს საელჩოდან აცნობეს, ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია. ასევე, ეგვიპტის ქალაქებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით უნდა ერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

"ეგვიპტეში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ მთლიანად სინას ნახევარკუნძულზე გადაადგილებისგან და აღნიშნულ ნახევარკუნძულზე მდებარე წითელი ზღვის კურორტებზე (შარმ ელ-შეიხი, ტაბა, დაჰაბი, ნუვეიბა, წმ. ეკატერინეს მონასტერი) მოგზაურობისგან. ბოლო პერიოდში, სინას ნახევარკუნძულზე მნიშვნელოვნად იმატა დანაშაულის რიცხვმა, ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მომხდარ შეტაკებებს მოჰყვა მსხვერპლი", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, წითელი ზღვის პირას მდებარე კურორტ ჰურგადის ტერიტორიაზე, ამ დრომდე ძალადობის ფაქტები არ დაფიქსირებულა. ადგილი ჰქონდა მხოლოდ მცირერიცხოვან საპროტესტო აქციებს.

"საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად დასასვენებლად იმყოფებიან ჰურგადაში, მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტურ-ოპერატორებთან. ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია.

კაიროში, ალექსანდრიასა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს. ეგვიპტის სამართალდამცავმა ორგანოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააძლიერეს უსაფრთხოების სისტემა და საკურორტო ზონების დაცვა. მიუხედავად ამისა, არსებობს უცხოელებზე თავდასხმების და ტერორისტული აქტების საფრთხე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს, ცხელ ხაზზე: +2010 110 888 44