შტეფან ფულე - მართლმსაჯულების პროცესი პოლიტიკური ჩარევისგან უნდა იყოს თავისუფალი

შტეფან ფულე - მართლმსაჯულების პროცესი პოლიტიკური ჩარევისგან უნდა იყოს თავისუფალი

მართლმსაჯულების პროცესი პოლიტიკური ჩარევისგან უნდა იყოს თავისუფალი, - ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, უდანაშუალობის პრეზუმპცია წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან ელემენტს. "რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს დაუსჯელობის სინდრომი, მართლმსაჯულებისპროცესი პოლიტიკური ჩარევისგან უნდა იყოს თავისუფალი. ჩემი მოლოდინია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა იქნება უზრუნველყოფილი და ინსტრუმენტად არ იქნება გამოყენებული პარტიული მიზნებისთვის", - აღნიშნა შტეფან ფულემ.

ევროკომისრის თქმით, ევროკავშირი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში კონსტრუქციულ კოჰაბიტაციას და ურთიერთპატივისცემას. "ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის, რათა აშენდეს წარმატებული საზოგადოება. ამ გარდამავალ ეტაპზე სწორედ ასეთი მიდგომაა საჭირო შედეგების მისაღებად", - აღნიშნა ევროკომისარმა.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრას, შტეფან ფულეს განცხადებით, მასზე გლობალური და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. "ჩვენ კარგი შეხვედრა გავმართეთ და განვიხილეთ გლობალური, რეგიონული საკითხები. ვისაუბრეთ საერთო ღირებულებებზე, რაც მოიცავს კანონის უზენაესობას, დემოკრატიის პრინციპების პატივისცემას. მინდა გითხრათ ისიც, რომ ტემპი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა, სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ნოემბრის სამიტის წარმატებას უზრუნველყოფს და ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს სწორედ ის შესრულებული სამუშაოები, რომელიც სახეზეა", - აღნიშნა შტეფან ფულემ.