"ხელი გაანძრიონ, 9 საათზე არ დაიძინონ, გვიან ღამემდე მიირთვან თუ უნდათ სტაფილოს წვენი, მაგრამ იმუშავონ"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, "9 საათზე არ დაიძინონ, გვიან ღამემდე მიირთვან თუ უნდათ სტაფილოს წვენი, მაგრამ იმუშავონ".

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მე მოვისმინე მთავრობის რეაქცია. სამწუხაროდ, მიხდება იმის კონსტანტირება, რომ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ან მთლიანად შეჩერებულია, ან ტემპებია შენელებული. ისიც მოვისმინე, რომ ინფრასტრუქტური მინისტრს ათქმევინეს, რომ ლაზიკის მშენებლობა გრძელდება. ლაზიკაში წარწერებიც კი მოხსნეს, სადაც ეს სახელწოდება იყო ნახსენები. ყარსი-ახალქალაქს რაც შეეხება, ვინაიდან აზერბაიჯანული ფული იყო და არა ქართული, იქ მოხდა არა მშენებლობის შეჩერება, არამედ მკვეთრი შენელება. ეს მშენებლობა უნდა დასრულებულიყო წელს. ეს იყო ჩემი საყვარელი პროქტი ისევე, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. ახლა ვარკვევთ, რომ ვილნიუსის სამიტზე ხელშეკრულება ვერ გაფორმდება და საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ინიცირება მოხდება. პარაფირება არის უბრალოდ წინმსწრები შეთანხმება. ასევე ყარსი-ახალქალაქის პროექტი წელს უნდა გამეხსნა, პირველ მატარებელში ჩავმჯდარიყავი მე მემენქანეებთან ერთად. აღმოჩნა, რომ ეს მატარებელი წელს არ გავა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ. მე ვიყავი მშენებლობაზე, ბოლო წლებში "პრაბადაც" ჩამოვყალიბდი და მე ვერ მომატყუებენ. თქვეს, რომ კვირას მივედი იმიტომ, რომ მეგონა არ იმუშავებდნენ. რა სისულელეა. ჩვენ კვირაობითაც ვმუშაობდით, შაბათობითაც, ღამეც და ეტყობა, მე ვიღაცაში - თავის მთავრობის რომელიმე წევრში ვეშლები. მე შაბათ-კვირასაც, ღამეც ვმუშაობ, 9 საათზე არ ვიძინებ და მშენებლობებიც ამ გრაფიკს იყო მორგებული. თქვენ შეგიძლიათ დაეკითხოთ მუშებს, რომ თვეების ხელფასი უგვიანდებათ და საუბარია, რომ მშენებლობა უნდა დასრულდეს საუკეთესო შემთხვევაში 456 დღეში. აბა, კარგად გადათვალეთ, ეს მომავალი წელიც არ არის და იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის კლიმატურ პირობებში მუშაობა შეფერხებულია გამოდის, მშენებლობას კიდევ ორი წელი დასჭირდება. ქართული ეკონომიკის ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ავღანური ტვირთები, რომელიც მომავალ წელს ლაზიკის პორტისა და ამ სარკინიგზო ხაზის მეშვეოობით უნდა გამოგვეტანა, ამ ყველაფერს დიდი ხაზი გადაესვა და მხოლოდ იმის გამო, რომ ლაზიკის სახელი არ მოეწონათ და პრაქტიკულად, მშიერი დატოვეს სამეგრელო და თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო. ხოლო ყარის-ახალქალაქის რკინიგზაზე საუბარი დაწყეს, რომ უნდა შევხედოთ, რამე ხომ არ გაიფლანგაო. სხვათაშორის, საუბარია აზერბაიჯანულ ფულზე და ამ ფონზე საუბარია აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე. როგორ არ ვიფიქრო, რომ ამ ორ მოვლენას შორის კავშირია. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა თუ გაიხსნა, აფხაზეთის რკინიგზის ეკონომიკური ფასი ნულია, მაგრამ ეს არ აწყობს მხოლოდ ერთ ქვეყანას და ჩვენ სულელები არ ვართ, ძალიან კარგად ვხვდებით, რა პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ რკინიგზის მშენებლობის დასრულება წელს გამორციხულია, თუმცა მას აქვს იმედი გამოთქვა, რომ თუ აქტიური მუშაობა იქნება მომავალ წლის ბოლომდე შესაძლოა, დასრულდეს.

"საუბრობენ, რომ მე მიხარია ამ პროექტების შეჩერება. ეს პროქტები ჩემი შვილებია. ვის შეიძლება, უხაროდეს, საკუთარი შვილების შეფერხება, ან ზრდის შეჩერება. ერთი შვილი - ლაზიკა საერთოდ აიღეს და სადღაც გააქრეს. მეორე - ყარსი-ახალქალაქი რკინიგზის სახით კლასში ჩამიტოვეს და ეს ადამიანები მეუბნებიან, რომ მიხარია. ეს იყო ჩემი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროქტები, რომელიც ქვეყნისთვის უნდა დამეტოვებინა, ასე რომ ჯინში ჩადგომას სჯობს, ახლა ხელი გაანძრიონ, 9 საათზე არ დაიძინონ, გვიან ღამემდე სვან თუ უნდათ სტაფილოს წვენი, მაგრამ იმუშავონ, რათა ქვეყანა დაპაუზებულ მდგომარეობაში არ იყოს", - განაცხადა სააკაშვილმა.