"17 მაისის შესახებ იმ მონათხრობიდან, რაც შს მინისტრისგან მოვისმინე, რაიმე სხვა გადაწყვეტილება რთულად წარმომიდგენია"

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ადასტურებს, რომ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით იმ მონათხრობიდან, რაც შს მინისტრისგან მოისმინა, რაიმე სხვა გადაწყვეტილება ნამდვილად რთულად წარმოუდგენია.

ამის შესახებ მან დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, შტეფან ფულემ ღარიბაშვილს უთხრა, რომ მის ადგილზე თვითონაც ასე მოიქცეოდა.

"აღნიშნული საუბრის დროს, რომელიც ბრიუსელში შედგა, შს მინისტრს ვთხოვე, დეტალეურად მოეხსენებინა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც წინ უძღვოდა 17 მაისის მოვლენებს და ასევე, იმის თაობაზე, თუ როგორც განვითარდა მოვლენები 17 მაისს. მან წარმოგვიდგინა დეტალური ანალიზი და ის, თუ როგორ განხორციელდა აქციის მონაწილეთა ევაკუაცია შეკრების ადგილიდან. ისეთ პირობებში, რაც მე მისი მონათხრობიდან მოვისმინე, უსაფრთხოებისა პირობებიდან გამომდინარე, ნამდვილად რთულად წარმომიდგენია რაიმე სხვა გადაწყვეტილება. ეს იყო საუბარი, რომელიც შედგა მინისტრთან, თუმცა ასევე ვისაუბრეთ დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ", - განაცხადა ფულემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მომავალში მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

ევროკომისრის თქმით, შს მინისტრმა დაარწმუნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს მოხდეს, ამასთან, შტეფან ფულემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი აგრძელებს მსჯელობას და ინფორმაციის მიღებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.