"მე მინდა, გავაფრთხილო პრემიერ-მინისტრი - ხელები შორს "რუსთავი 2"-სგან"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს "ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისგან ხელები ყველამ შორს დაიჭიროს”. 

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პრემიერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელის თანახმად, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება".

"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღწერა, რომ მიმდინარეობს ბოლო დარჩენილი დამოუკიდებელი ნაციონალური მედია-საშუალების მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიება პროკურატურის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მესაკუთრის გამოცვლასთან დაკავშირებით. მე მინდა, მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს გამოძიება. შევარდნაძის დროიდან ბევრი რაღაც მეორდება, მაგრამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე თავდასხმა იყო ერთ-ერთი ყველაზე მწარე ეპიზოდი შევარდნაძის მმართველობის. სისხლის სამართლის აღძვრა ამ თემაზე და უამრავი ადამიანის დაკითხვა, რაც ბოლო დროს ხორციელდება, ეს არის ძალიან საშიში პროცესი და ჩემი ინფორმაციით, რაც დღეს ფაქტიურად დადასტურდა, რომ ეს პროცესი მივა "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამდე. მე კარგად ვიცი უკვე პრემიერის ლოგიკა, როცა ის ამბობს, რომ არ ერევა, მაგრამ ეს არის სამართლებრივი პროცესი, სულ ცოტა ხანში ამას მოყვება ხოლმე ამ ადამიანის დაპატიმრება ან პირდაპირი უხეში ჩარევა. ჩვენ უკვე ვისწავლეთ მისი სიტყვებს რა მოყვება. მე მინდა, გავაფრთხილო ის - ხელები შორს "რუსთავი 2"-სგან. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არის ჩვენი ცხოვრების მონაპოვარი. ეს არის კავშირი არჩევნებთან, რადგან არჩევნები ჩაითვლება დემოკრატიულად, თუ ყველას აქვს ინფორმაციის წვდომა. ეს საკითხები მართლაც მთელი საზოგადოების ზრუნვის წყარო უნდა იყოს", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ მიდის და რა ეტაპზეა გამოძიება "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, რომლის დაბრუნებაზეც პრეტენზიას მისი დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ.

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მეც იმდენი ვიცი, რაც თქვენ. არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება და არც უნდა მოხდეს პოლიტიკური ჩარევა. როგორც ვიცი, გამოძიება მიდის, დაწერილია განცხადებები როგორც ერთი ჯგუფის მიერ, ასევე მე მგონი, რომ ამ ტელევიზიაზე პრეტენზია ქიბარ ხალვაშსაც აქვს. არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება და ეს პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.