"უნდა გვაღელვებდეს, რომ ისტორიაში პირველად, ეუთო-მ მერაბიშვილთან დაკავშირებით "პოლიტიკური პატიმრის" ტერმინი დაამკვიდრა"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველას უნდა აღელვებდეს, რომ ისტორიაში პირველად ეუთო-მ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით "პოლიტიკური პატიმრის" ტერმინი დაამკვიდრა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე მინდა, გამოვეხმაურო იმ განცხადებებს, რომელიც დღეს რეზოლუციასთან დაკავშირებით გაკეთდა, რომელიც მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სტამბოლში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ პირველად მრავალი წლის განმავლობაში ტერმინი "პოლიტიკური პატიმრები" ახსენა საქართველოს კონტექსტში და გამოხატა შეშფოთება ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ის, რომ პირველად უახლოეს ისტორიაში ეს ძალიან ავტორიტეტული საპარლამენტო ორგანო, ტერმინ "პოლიტიკურ პატიმარს" ხმარობს საქართველოსთან მიმართებაში, ეს არ შეიძლება, არ იყოს ჩაფიქრების წყარო. ჩვენ ყველანი ვიყავით მოწმე, როგორ იზრდებოდა საქართველოს ავტორიტეტი წინა წლებში, როგორ დამკვიდრდა საქართველო მსოფლიო რუკაზე, როგორ გაიზარდა პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ ყველაფრის შემდეგ ახლა ამ ტერმინის გამოყენება არ შეიძლება, არ გვაღელვებდეს და არ დაგვაფიქროს. ეს საქართველოს პრესტიჟის შელახვაა. ვენეციის კომისიამ ნათლად თქვა, რომ "პოლიტიკური პატიმრები" არ არიან ადამიანები, ვინც ახლა ქუჩაში დადიან და მოსახლეობაზე ძალადობენ, ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტმა გამოუშვა, პოლიტპატიმრები არ არიან. მაგრამ ახლა უკვე ამ ტერმინის ხმარება ეუთო-ს "საპარლამენტო ასამბლეის" მიერ დაკანონებულია", - განაცხადა სააკაშვილმა.