კახა კახიშვილი:  ბიძინა ივანიშვილის განცხადება რევერანსია არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართ

კახა კახიშვილი: ბიძინა ივანიშვილის განცხადება რევერანსია არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართ

"საარჩევნო ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის აზრით, არჩევნების შემდეგ ხელისუფლებიდან წასვლის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რევერანსია არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართ. 

კახიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადებით ბიძინა ივანიშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის კონკურენტული გარემოს ხელშეწყობას ცდილობს.

"რეალურად არის ის, რომ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ამდენი ხმა ერთი მხრივ იმიტომ მოიპოვა, რომ არავის უნდოდა მიხეილ სააკაშვილი. მეორე მხრივ, კოალიციას მხარი დაუჭირეს ბიძინა ივანიშვილის ავტოროტეტით და ხათრით. ახლა, როცა მან დაინახა, რომ მისი ავტორიტეტი დიდად მოქმედებს კანდიდატის მხარდაჭერაზე, განაცხადა: - "მე შეიძლება წავიდე, ამიტომ ჩამოყალიბდით, თუ ვინ გინდათ საქართველოს პრეზიდენტად, გინდ გიორგი მარგველაშვილი აირჩიეთ და გინდ - პრეზიდენტობის სხვა კანდიდატი". ვფიქრობ, ამ განცხადებით ივანიშვილმა არასაპარლამეტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი შეუწყო და კონკურენტული არჩევნებისთვის მისივე ავტორიტეტისგან გაათავისუფლა გიორგი მარგველაშვილი", - განაცხადა კახიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, თუ ივანიშვილი არჩევნების შემდეგ მთავრობიდან წასვლას მართლა აპირებს, ეს არასწორი ნაბიჯი იქნება, რადგან პარლამენტში ხელოვნურ სუბიექტებს ტოვებს.

"ხელოვნურია ის, რომ პარლამენტში არც ერთ სუბიექტს - არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაციონალურ მოძრაობას" ის მხარდაჭერა არა აქვს, რა პროპორციითაც არიან წარმოდგენილი. ერთია, რომ ამოცანა შეასრულე და "ნაციონალური მოძრაობა" ნაწილობრივად ხელისუფლებას ჩამოაშორე, მაგრამ მეორეა ის, რომ ახლა როცა შეგიძლია მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნები ჩაატარო, უნდა უზრუნველყო რიგგარეშე არჩდევნების ჩატარება", - აღნიშნა კახიშვილმა.