დავით უსუფაშვილი - ემიგრანტებზე ზრუნვა ახალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება

დავით უსუფაშვილი - ემიგრანტებზე ზრუნვა ახალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საქართველოს მოქალაქეებზე მაშინაც კი, როცა ისინი უცხოეთში იმყოფებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ემიგრანტებზე ზრუნვა ახალი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

"უცხოეთში ყოფნისას ყოველთვის ვხვდები ადგილზე მყოფ ქართველებს. მოგეხსენებათ, საბერძნეთში ძალიან ბევრია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრების სიდუხჭირემ აიძულა დაეტოვებინა სამშობლო. მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციის, სხვადასხვა სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრა. ისინი საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამობრძანდნენ, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათ მიეცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება და საქართველოში გაჩნდეს სათანადო პირობები, სამუშაო ადგილები, რომ ამ ხალხმა საკუთარ სამშობლოში იმუშაონ და არჩინონ საკუთარი ოჯახები. მეორე მხრივ, სანამ უცხოეთში იმყოფებიან, რითი იდგეს სამშობლო მათ გვერდით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საელჩო მუდმივად მზად არის მათ დასახმარებლად.

"აქ ფუნქციონირებს ქართული ბაღები, საკვირაო სკოლები, სპორტული გუნდები, საცეკვაო და სამუსიკო ანსამბლები, არის თხოვნა სახელმძღვანელოებზე და შევეცდებით დავეხმაროთ. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე მაშინაც კი, როცა ისინი იმყოფებიან უცხოეთში და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ