დღეს სვანეთის განახლებული მუზეუმი გაიხსნება

დღეს სვანეთის განახლებული მუზეუმი გაიხსნება

დღეს სვანეთის განახლებული მუზეუმი გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურიდან აცნობეს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებული მუზეუმის დამთვალიერებლებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე უმასპინძლებს. ერთი თვის განმავლობაში მუზეუმი ყველა დამთვალიერებელს უფასოდ მიიღებს.

ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ საგამოფენო დარბაზები მოეწყო და აღიჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეიქმნა სარესტავრაციო ლაბორატორია და საცავები.

მუზეუმში გაკეთდა 6 მუდმივი ექსპოზიციის დარბაზი. მუზეუმში განთავსებულია სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ასევე, ნუმიზმატიკური კაბინეტი. დარბაზებში გამოფენილია ქრისტიანული საგანძური, მათ შორის IX-XVIII საუკუნეებში შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი შედევრები, როგორიცაა ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, ვენეციური ჯვარი, თამარ მეფის მიერ შეწირული სურა, მოხატული ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუში - ადიშის ოთხთავი, 897 წ. და სხვა. ბოლო გალერეა კი მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალას ეთმობა.

მუზეუმის სარეაბილიტაციო კომპლექსური სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდისა და ორგანიზაციის, მათ შორის საქართველოს UNEშჩO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის, ევროკავშირის ტვინინგის პროგრამის, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი/ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანების, სმიტსონის ინსტიტუციის, აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის, საქართველოში იტალიის და შვეიცარიის საელჩოების დახმარებით მიმდინარეობდა.