"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის პირველ ტურში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის პირველ ტურში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. შედეგები ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძემ გამოაცხადა. რაც შეეხება იმას, თუ როგორც გადანაწილდა შემდგომი ადგილები, ეს ამ ეტაპზე უცნობია. დავით გოგისვანიძის განმარტებით, კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 387-მა დელეგატმა მიიღო.

”დღევანდელი დღის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სრულიად ახალ პარტიად ყალიბდება”, - განუცხადა ჟურნალისტებს პრაიმერის გამარჯვებულმა დავით ბაქრაძემ.მისივე თქმით, დღევანდელი დღე არის დემონსტრირება იმისა, რომ გადაწყვეტილება პარტიაში მიიღება ყველა წევრის მიერ, რაც პარტიის შიდა დემოკრატიულობის თვალსაზრისით აუცილებელია.

პრაიმერში "ნაციონალური მოძრაობის" ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატი - დავით ბაქრაძე, შოთა მალაშხია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე მონაწილეობდა. კონფერენციას ესწრებოდნენ დელეგატები იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიხურა.