რუსთავის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნები დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც მოსამართლე მადონა მაისურაძემ განმარტა, აღნიშნული პირების დაკავების პროცედურა მთელი რიგი დარღვევების ფონზე განხორციელდა, რის გამოც სასამართლომ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
მანამდე კი, პროცესის მიმდინარეობისას კი, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დავით ალავიძემ განაცხადა, რომ მეორედ დაკავებისას რამდენიმე საათის განმავლობაში გამომძიებელი ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას არ აძლევდა. "გამომძიებელმა ასევე თქვა, დღეს 25 კაცი უნდა დაგიჭიროთ და არ გვინდა ინფორმაციამ გაჟონოს. მერე დაგარეკინებთო", - არნიშნა სასამართლო სხდომაზე ალავიძემ.
პროკურორმა თბილისის მერიის მაღალჩინოსებისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება ითხოვდა. როგორც პროკურორმა დღეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განმარტა, არსებობს მათი მიმალვის საფრთხე. ასევე, შესაძლოა ბრალდებულებმა უკვე დაკითხულ და დასაკითხ მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ.
საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე 28 ივნისს დააკავა. ამასთან, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.