რასმუსენი - ჩვენ ველოდებით თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებს

რასმუსენი - ჩვენ ველოდებით თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებს

ჩვენ ველოდებით თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს თბილისში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. სხდომა ნატოს გენერალურმა მდივანმა თავად გახსნა. რასმუსენის თქმით, ეს არის კომისიის დაარსებიდან მესამე ვიზიტი, რაც საქართველოს მიმართ ნატოს ერთგულების გამოხატვაა.

"ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრები გამოხატავენ თავიანთ მტკიცე ერთგულებას კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მიმართ. საქართველო ასევე ერთგულია ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებისა და უფრო მეტი ჯარები და შეიარაღებული ძალები ჰყავს, ვიდრე სხვა პარტნიორებს. თქვენ ასევე უკვე შეგაქვთ წვლილი ავღანეთის შეიარაღებული ძალების კონსულტაციებისა და ტრენინგის პროგრამაში, რაც ძალიან სერიოზული წვლილია ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ. ჩვენ ჯეროვნად ვაფასებთ საქართველოს წვლილს და იმ მსხვერპლს, რომელიც ქვეყანამ გაიღო. ყველა მოკავშირის სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, ვისი ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ და დაიჭრნენ ავღანეთში. მე ბოლო კვირას დავესწარი ცერემონიას, როდესაც გადავეცით პასუხისმგებლობა უსაფრთხოების თემაზე ავღანელებს და ეს სერიოზული წარმატებაა და საქართვლომ ამაში თავისი წვლილი შეიტანა", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, დღეს და ხვალ საბჭოს ექნება საშუალება შეაფასოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. "მივიღებთ ისეთ კითხვებზე პასუხს, ანალიზს, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. ბატონო პრემიერო, იმედი მაქვს თქვენ უზრუნველყოფთ კოჰაბიტაციის პროცესს, ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას, კანონის უზენაესობას და ყველაფერი, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ჩატარებული. და ჩვენ საქართველოს დავეხმარებით რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ ველოდებით თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებს ამ წელს და გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს სრული ევროატლანტიკური ინტეგრაცია გახლავთ ჩვენი ეთობლივი მიზანი. გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული უყო 2008 წელს ბუქარესტში, ისეთივე მყარია, როგორც მანამდე. თუ საქართველო დააკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს, იგი გახდება ნატოს ოჯახის წევრი", - განაცხადა რასმუსენმა.

საქართველოს მთავრობის მოწვევით საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი დღეს დაიწყო. დელეგაციას ხელმძღვანელობს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში მესამედ ჩამოვიდა. საბჭოს პირველი ვიზიტი 2008 წლის 15-16 სექტემბერს შედგა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად.