ანდერს ფოგ რასმუსენი - ძალადობას, რომელიც 17 მაისს ვიხილეთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს

ანდერს ფოგ რასმუსენი - ძალადობას, რომელიც 17 მაისს ვიხილეთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს

საქართველო გახდება ნატო-ს წევრი იმ შემთხვევაში, თუ ის აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა , ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ის აჩვენებს თავისი ვალდებულებების განხორციელებას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

"რაც თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში თქვენი მთავრობა აჩვენებს თავისი ვალდებულების განხორციელებას და ადასტურებს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ჩვენ ასევე ვადასტურებთ ჩვენ ვალდებულებას - 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი იმ შემთხვევაში თუ თქვენ დააკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ შეცვლილა და ჯერ კიდევ ძალაშია. ჩვენ თქვენთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოების ძალების რეფორმირება მოხდეს, რომ ისინი გახდნენ ანგარიშვალდებული, ყველა საფრთხეს, რომელიც თქვენი ქვეყნის წინაშე დგას წინ აღუდგნენ", – აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, საქართველომ ჩაატარა მთელი რიგი რეფორმები და აუცილებელია რეფორმების გაგრძელება.

"აღსანიშნავია, რომ საქართველომ ჩაატარა მთელი რიგი რეფორმები, პრიორიტეტი გახლავთ რეფორმების გაგრძელება და იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატია საქართველოში ფესვგადგმულია, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების პატივისცემას, უმცირესობების უფლებების პატივისცემას და ის ძალადობა, რომელიც ჩვენ თბილისის ქუჩებში 17 მაისს ვიხილეთ, მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მშვიდობიანი შეკრების უფლება და თავისუფალი გამოხატვის უფლება ფუნდამენტალური დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. მინდა თქვენი წვლილი მოვიხსენიო, თქვენი მიმართვის თვალსაზრისით, დამოუკიდებლობის დღეს, სადაც კიდევ ერთხელ გააჟღერეთ ზემოთ აღნიშნული დებულება. იმისთვის, რომ მოვახდინოთ დემონსტრირება, რომ საქართველოში დემოკრატიას ფესვები აქვს გადგმული ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურმა კოჰაბიტაციამ უნდა იმუშაოს", – აღნიშნა რასმუსენმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ საქართველოში ნათლად უნდა იყოს გამოხატული კანონის უზენაესობის ერთგულება იმისათვს, რომ საქართველოში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.

"ეს გახლავთ სასიცოცხლოდ აუცილებელი საქართველოს დემოკრატიისთვის, ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს იმიჯისთვის, ნატო გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას აღნიშნულ გზაზე", – განაცხადა რასმუსენმა.