ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო ახლა უკვე ახლოსაა ნატო-სთან, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი

ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო ახლა უკვე ახლოსაა ნატო-სთან, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი

დიახ, საქართველო ახლა უკვე ახლოსაა ნატო-სთან, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ადერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რასმუსენის განმარტებით, საქართველომ რეფორმების კუთხით დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა პროცესის გაგრძელება ჯერ კიდევ აუცილებელია.

"გულწრფელად მოგახსენებთ, როცა ვუყურებ საქართველოში მიმდინარე განვითარებას იმასთან შედარებით, ვიდრე მაშინ იყო, როცა აქ დანიის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ვიყავი, პროგრესი აშკარად სახეზეა – საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და მართლაც უფრო მეტად მიუახლოვდა ნატოს. მან განახორციელა კონკრეტული რეფორმები და აუცილებელი რეფორმების გატარებას ისევ აგრძელებს. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად და გავატარებთ აუცილებელ რეფორმებს.

დიახ, საქართველო ახლა უკვე ახლოსაა ნატოსთან, მაგრამ ბევრი სამუშაოა ჯერ კიდევ ჩასატარებელი", - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ალიანსის გენერალური მდივნის პასუხი მოიწონა და განაცხადა, რომ წინა და ახალ ხელისუფლებას შორის წყალგამყოფის გავლებისგან თავის შეკავება სწორი იყო.

"ალიანსის გენერალურმა მდივანმა კარგი პასუხი გასცა. ის მოერიდა კონკრეტულად ახალი ხელისუფლების საქმიანობის პერიოდზე აქცენტის გაკეთებას. ეს ბუნებრივია, 8-9 თვე ძალიან ადრეა, კოჰაბიტაციის პერიოდია, პრეზიდენტი, რომელიც წინა ხელისუფლების ლიდერი იყო, ახლა ოპოზიციაშია. რა თქმა უნდა, ამის გამო, ის ერიდება ორ ხელისუფლებას შორის წყალგამყოფი გააკეთოს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვექნება პროგრესი და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით ეს იმდენად შესამჩნევი იქნება, რომ აღარ მოერიდებიან და მასზე კონკრეტულად იტყვიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.